ლებრონ ჯეიმსი NBA-ს იტორიაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით მეხუთე გახდა — მან თვით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაუსწრო. ეს „ლეიკერსისა” და „პორტლენდის” შეხვედრაში მოხდა, რომელიც „ლეიკერსმა” 126:117 მოიგო.
33 წლის ჯეიმსმა ჩემბერლენს თამაშის მეოთხე მეოთხედში გადაასწრო. ჩემბერლენის მონაგარი კი თამაშიდან ნატყორცნი 31 419 ქულა გახლდათ. ლებრონის ანგარიშზე ახლა 31 425 ქულაა. მან „პორტლენდთან” სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა — 44 ქულა.
ამდენი ქულა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მოთამაშეს მას მერე არ ჩაუგდია, რაც 2016 წლის აპრილში, კობი ბრაიანტმა თავის გამოსათხოვარ შეხვედრაში 60 ქულა მოუტანა გუნდს.
ცნობისთვის: უილტ ჩემბერლენი NBA-ს ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ერთ შეხვედრაში 100 ქულა მოინაგრა.
„ყოველთვის, როდესაც ჩემს სახელს NBA-ს რომელიმე ლეგენდასთან ერთად ახსენებენ, მახსენდება ჩემი მშობლიური ქალაქი, საიდანაც წამოვედი და ამდენს მივაღწიე”, — თქვა ჯეიმსმა, რომელიც 15 წლიან კარიერაში NBA-ს სამგზის ჩემპიონი გახდა და ოთხჯერ MVP-დ იყო დასახელებული.