„პარი სენ ჟერმენმა” „მონაკოსგან” კილიან მბაპეს შეძენაში ჯამში 180 მილიონი ევრო დახარჯა. სულ რაღაც 18 წლის იყო ყმაწვილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სიძვირით მეორე ფეხბურთელი რომ გახდა. ეს რიცხვები კი, ბევრის აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამედროვე საფეხბურთო ბაზრის ზღვარგადასულობას.

მბაპემ შვეიცარიულ ტელეარხ RTS-თან ინტერვიუში თქვა, ყოველთვის ვიცოდი ძვირად რომ გავიყიდებოდიო, ოღონდ ეს მისი მხრიდან იმდენად ტრაბახი არ იყო, რამდენადაც ზემოთ ნახსენები ბაზრის შეფასება.

„დღეს ფეხბურთი უკიდურესად კომერციულია. ის არის თამაში სადაც დიდძალი ფული ტრიალებს. ჩემთვის ეს უზნეობა, რადგან ფრიად მოკრძალებული ოჯახიდან მოვდივარ, მაგრამ ასეთია თანამედროვე ცხოვრება და მე რევოლუციას ვერ მოვაწყობ. სისტემა როგორიც არის, ისეთს უნდა ვცეთ პატივი”, — თქვა მბაპემ.

19 წლის თავდამსხმელს ეს სიტყვები რეალისტ ადამიანად ახასიათებს, რაც იმიტომ გახლავთ საყურადღებო, რომ „ფუტბოლ ლიკსის” ამასწინანდელი ცნობის თანახმად მას თავისი ახლანდელი დიდი ხელფასი არ ყოფნის და „პარი სენ ჟერმენს” ევაჭრება.

მოგეხსენებათ, კილიან მბაპე „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” კანდიდატია და როგორც ამბობენ გამარჯვების შემთხვევაში მან ჯამაგირის გაზრდა და კერძო თვითმფრინავი მოითხოვა.

პსჟ-მ მოთხოვნაზე პასუხი არ გასცა. ახლა, თითქოს, ფორვარდი ხუთ წელიწადში 50 მილიონ ევროსა და საკონტრაქტო 5 მილიონს დაყაბულდა.