ლას როზასში, ესპანეთის ნაკრების ბანაკში მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე ბარსელონელმა ჟორდი ალბამ ჟურნალისტებთან მისი და ეროვნული გუნდის თავკაცის ლუის ენრიკეს თითქოსდა დასრულებულ ცუდ ურთიერთობაზე ილაპარაკა. აქამდე ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის დაძაბულობას არა და არ უჩანდა ბოლო.

მოგეხსენებათ, ლუის ენრიკე „ბარსელონას” ერნესტო ვალვერდემდე ედგა სათავეში, ასე რომ შავმა კატამ მასა და ალბას შორის თავდაპირველად „კამპ ნოუზე” გაირბინა.

უფრო სწორად, ამბობენ, რომ პირველი წყენა ფეხბურთელის ერთმა ფრაზამ გამოიწვია. ფრაზა მაშინ ითქვა, როდესაც ენრიკე წავიდა და „ბლაუგრანას” თავკაცად ვალვერდე დაინიშნა. ალბამ განაცხადა: „ვალვერდეს ხელში უკეთ ვიგრძნობ თავს”.

შემდეგ ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრები ჩააბარეს და მისმა ყოფილმა შეგირდმა ეროვნულ გუნდში ადგილი დაკარგა. ცხადია, ყველა წყენაზე ალაპარაკდა.

გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე ჟორდი ალბამ სცადა განემარტა, რატომ თქვა მაშინ ის, რაც თქვა.

„მე ასე იმიტომ ვთქვი, რომ ხშირად მინდოდა თამაში, რისი საშუალებაც არ მეძლეოდა. ხშირად თამაში ხომ ყველა ფეხბურთელის სურვილია. ლუჩოს (ლუის ენრიკეს) ხელში ჩატარებულ ბოლო სეზონში მოედანზე ძალიან იშვიათად გავდიოდი”.

პრეს-კონფერენციაზე ალბამ ენრიკესადმი პატივისცემის გამომჟღავნება სცადა. მან თქვა:

„ის „ბარსელონაში” დიდად დამეხმარა. საუცხოო პიროვნებაა. რასაკვირველია, ვინ ითამაშებს ძირითადში და ვინ არა, მწვრთნელის გადასაწყვეტია. იგივე შემიძლია ვთქვა ვალვერდეზე, რომელთანაც ჩინებული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მანაც რომ მითხრას,  სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდეო, იძულებული ვიქნები დავმორჩილდე”.

ახლა, როგორც ჩანს ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის პრობლემა მოგვარებულია და ორივეს საზრუნავი ხუთშაბათის მატჩია ერთა ლიგაში, ხორვატიის წინააღმდეგ.