ცხადია, რომ კიუსიუ ბაშოს სასტარტო შეხვედრაში ლევან გორგაძის მარცხი შემთხვევითობა იყო. შემდეგ ტოჩინოშინად წოდებულმა ქართველმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა.
ამჯერად მან აღმოსავლეთის პირველი მაგაშირა მიოგირიუ გადათელა. არადა, გამოცდილ მიოგირიუს გუშინ იოკოძუნა კისენოსატო დაემარცხებინა. ამ გამარჯვებით ლევანის ბალანსი 2:1 გახდა.
ჯერჯერობით ტურნირს სამი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. მათ შორის ერთი ოძეკია – ტაკაიასუ. დღეს ტაკაიასუმ სწორედ ის კაისეი დაჯაბნა, რომელსაც ხვალ ტოჩინოშინი უნდა დაეჯახოს. საინტერესო დეტალი: კაისეიმ პირველი ორი ბრძოლა წვივის კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა, მესამე კი წააგო. ბუნებრივია, ხვალ ლევანთან შერკინებისას შესაძლებლობის მაქსიმუმს გაიღებს. აქამდე ეს ფალავნები 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ტოჩინოშინი 10-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.