ალესანდრო დელ პიერო და მარტინ დემიჩელისი

არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიჩელისმა 2003-2010 წლები „ბაიერნში” გაატარა. აქედან ორი სეზონის განმავლობაში მისი მწვრთნელი ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი გახლდათ, რომელიც დემიჩელსისს მთლად კარგად არ დაამახსოვრდა.

„ის ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი არ ყოფილა, მაგრამ ალალი გიჟი იყო”, — თქვა 37 წლის ვეტერანმა არგენტინულ „ლა ნასიონთან” ინტერვიუში.

დემიჩელისის ყვება, რომ ვან გაალი ექსცენტრული ადამიანია, რომლის საქციელი ხშირად ზღვარს სცილდება და ამის გამო ანეკდოტური სიტუაცია იქმნება.

„ერთხელ, პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს ვიგებდით, — იგონებს „რივერ პლეიტის”, მადრიდის „ატლეტიკოს”, „მანჩესტერ სიტის”, „ესპანიოლისა” და „მალაგას” ყოფილი ფეხბურთელი, — მან კი გასახდელის კარი ლამის შემოანგრია და ღრიალი დაგვიწყო: „თქვენი თამაში ნამდვილი კატასტროფაა!” როგორც ვიცე-კაპიტანმა ხმა ავიმაღლე — შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ, პატივისცემა გამოამჟღავნეთ და ყვირილი ახლავე შეწყვიტეთ, მეთქი. გავედით მეორე ტაიმში მოედანზე და… მართლა საშინლად ვითამაშე. მეორე დღეს ვან გაალი გაღმა შემომედავა, გუშინ ასე იმიტომ მოხდა, რომ ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი ხარო. შემდეგ კი მირჩია, მისთვის ლაპარაკი აღარასოდეს შემეწყვეტინბინა”.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი „ბაიერნის” გარდა სათავეში ედგა „ალკმაარს”, „აიაქსს”, ჰოლანდიის ნაკრებს, „ბარსელონასა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”.

„ლა ნასიონთან” ინტერვიუში დემიჩელისმა მისი კარიერის საუკეთესო მწვრთნელიც დაასახელა. ის ჩილელი მანუელ პელეგრინი ყოფილა. პელეგრინის ხელმძღვანელობით არგენტინელი თამაშობდა „რივერ პლეიტში”, „მანჩესტერ სიტისა” და „მალაგაში”.

რაც შეეხება ყველაზე დამღლელ და მკაცრ თავკაცს, მცველის კარიერაში ასეთი ფელიქს მაგათი იყო.

მარტინ დემიჩელისმა ფეხბურთელის კარიერა შარშან „მალაგაში” დაასრულა. ამჟამად ის „ბაიერნის” „ბრენდის ელჩია”.