„ბაიერნი” კრიზისშია. კრიზისი შაბათს კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც „რეკორდმაისტერმა” პრინციპული თამაში წააგო ლიდერ „დორტმუნდთან”, თავად კი მე-5 ადგილზე დაქვეითდა. ბავარიელები დორტმუნდელებს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. არადა, „ვესტფალენშტადიონზე” იგებდნენ — პირველ ტაიმში 1:0-ს, მეორეში 2:1-ს, საბოლოოდ კი 2:3 დამარცხდნენ.

თუმცა, ჩვენი ცნობა იმდენად ფეხბურთს არ ეხება, რამდენადაც ქცევას, რომელიც ისევ და ისევ ადასტურებს, რომ „ბაიერნში” ცუდი პერიოდია: ბუნდესლიგის ბოლო ექვსი ჩემპიონატის გამარჯვებულთა ფრანგმა თავდამსხმელმა ფრანკ რიბერიმ თავი ვერ შეიკავა და თანამემამულე ჟურნალისტ პატრიკ გილიუს ხელი გაარტყა. ეს ამბავი ბავარიულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა: „რიბერიმ გვითხრა, რომ ხელი გაარტყა ფრანგ ჟურნალისტ პატრიკ გილიუს, რომელსაც დიდი ხანია იცნობს. ჩვენ ბატონ გილიუს დავპირდით, რომ საკითხს პირადი შეხვედრის დროს განვიხილავთ. მან შეგვატყობინა, რომ ეს მასაც სურს”.

ინციდენტს თვითმხილველებიც ჰყავდა. 35 წლის ფეხბურთელის გაცხადების მიზეზი კი ის არის, რომ გილიუს აზრით „ბაიერნის” კარში დორტმუნდელთა მიერ გატანილი სამი გოლიდან ორი რიბერის ბრალია — მან სავალდებულო დაცვით ფუნქციას თავ კარგად ვერ გაართვა.

პატრიკ გილიუ წარსულში თავადაც ფეხბურთელი იყო და დღეს  beIN Sports-ის და ყატარის ტელევიზიის მიმომხილველია.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი „ტვიტერში” რიბერის მეუღლემაც გალანძღა — მას მოსაწყენი და უსარგებლო უწოდა.