ჟოზე მოურინიუს მატჩისშემდგომი კომენტარები საქვეყნოდ ცნობილია — მწარედ თქმა იცის, გადაბრალებაც სჩვევია. ამჯერად, მანჩესტერულ დერბიში 1:3 დამარცხების შემდეგ მან თქვა, რომ წაგების თავი და თავი „სიტის” იოლი და „იუნაიტედის” გადატვირთული კალენდარი იყო.
გადავხედოთ გუნდების ბოლო კვირას. „წითელმა ეშმაკებს” ორივე თამაში სტუმრად ჰქონდათ — პრემიერლიგაში „ბორნმუთთან” და ჩემპიონთა ლიგაში „იუვენტუსთან”; „ქალაქელებმა” კი შინ 6 გოლი გაუტანეს ჯერ „საუთჰემპტონს”, ხოლო მერე დონეცკის „შახტარს”.
მოურინიუმ თქვა: „ბოლო ერთ კვირაში „სიტიმ” აგერ უკვე მემესამე თამაში ჩაატარა შინ. წინა ორ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებები (6:1 და 6:0) „საუთჰემპტონთან” და „შახტართან” იოლი, სასიამოვნო და განმუხტვისთვის ზედგამოჭრილი იყო. ჩვენ კი ორი ურთულესი მატჩი გვქონდა სტუმრად. მათგან მეორე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ და ის ფინალის ტოლფასი იყო. მან დიდი ძალები წაგვართვა როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად. ერთია, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, „იუვენტუსთან” სტუმრად იბრძვი და მეორე, როდესაც ნება-ნება შინ ამარცხებ „შახტარს” 6:0.
ერთი სიტყვით, ჩვენ დღევანდელ მატჩამდე სხვადასხვა გზებით მოვედით და ჩემი ბიჭებიდან ზოგისთვის ეს მეტისმეტი აღმოჩნდა. ხალხს კი ფეხბურთი არ ესმის და მხოლოდ შედეგებს უყურებს.
ჩემთვის სტატისტიკა მნიშვნელოვანი არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რასაც ვგრძნობ. მაგალითად, ამ შეხვედრაში, დაახლოებით 80 წუთის განმავლობაში გამარჯვებულის ვინაობა არ იყო გადაწყვეტილი, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
მე ერთმანეთისგან ვანსხვავებ შეხვედრებს, რომლებშიც ცალკეულ შეცდომებს ვუშვებთ და რომლებშიც ცუდად ვთამაშობთ. დიახ, დღეს ჩვენ შეცდომები დავუშვით, მაგრამ ვიბრძოლეთ, იგრძნობოდა, რომ ერთსულოვანი გუნდი ვიყავით; ჩანდა, რომ აღმშენებლობის პროცესში ვართ და ამ ერთი წაგების გამო არ დავიშლებით”.
მოურინიუს შეახსენეს, რომ ცხრილში მისი „იუნაიტედი” გასავარდნთა ზონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ლიდერ „სიტისთან”, რაზეც მან მოსწრებულად უპასუხა: „არა მგონია გავვარდეთ”.
რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, ის თავისი გუნდის მიერ ჩატარებული პირველი ტაიმით (ტაიმი „სიტიმ” მოიგო 1:0) იყო უკმაყოფილო.
„არ ვარგოდა. შესვენებამდე ისე ვითამაშეთ, თითქოს მარტო ბურთის კონტროლი გვინდოდა, შეტევა კი არა. ჩემს ფეხბურთელებს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ისინი ნერვიულობდნენ, რადგან მათთვის დერბიში გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.
შესვენების შემდეგ კი უკეთ ავთამაშდით და „იუნაიტედის” ცენტრალურ მცველებს ლინდელოფსა და სმოლინგს ზეწოლა მოვუწყვეთ”.
და ბოლოს რაჰიმ სტერლინგის საქციელის შესახებ: პეპ გვარდიოლამ თამაშის დამთავრების შემდეგ თავის ფეხბურთელს შენიშვნა მისცა. საფინალო სასტვენამდე მასთან „იუნაიტედის” ვეტერანი, უწყინარ ადამიანად ცნობილი ხუან მატაც კი მივიდა გაბრაზებული სახით და „ორიოდ სიტყვა” უთხრა — ეს ყველაფერი ეკრანზე კარგად ჩანდა. მიზეზი: ბოლო წამებზე სტერლინგმა ბურთს ფეხები მატრაბაზულად გადაატარა, რაც იმ კონტექსტში დამარცხებული მეტოქის დაცინვად აღიქმებოდა.
გვარდიოლა: „მან ფეხებით რაღაც მოძრაობები გააკეთა. ასეთ საქციელს უნდა ვერიდოთ, მაგრამ სტერლინგი ჯერ ახალგაზრდაა”.