ელიგის დამთავრებამდე 4 ტური რჩება და თუ ჩემპიონის ვინაობა, ფაქტობრივად, ეჭვს აღარ იწვევს. მთავარ ინტრიგას მესამე საპრიზო და ამავდროულად, საევროპალიგო ადგილის მფლობელის ვინაობის გარკვევა წარმოადგენს. ასევე, გასავარდნ ზონაშიცაა შემორჩენილი მცირე ინტრიგები.

ლოკომოტივმა და საბურთალომ ქულები გაიყვეს

ბრინჯაოს პრეტენდენტი რეალურად ორია – „ტორპედო“ და „ჩიხურა,“ თუმცა გარკვეულ ვითარებაში, შესაძლოა, მათ დავაში „დილაც“ ჩაერთოს.

ერთიც ვთქვათ, „ტორპედო“ ქვეყნის თასის ფინალშიცაა გასული და თუ დაბალლიგელ „გაგრას“ მოუგო, იქიდანაც შეეძლება ევროადგილი გაინაღდოს.

შაბათს კი ლიდერმა „საბურთალომ“ თანაქალაქელ „ლოკომოტივთან“ სტუმრად დაკარგა ქულები. თუმცა, დაჩი ცნობილაძის გოლით, ბოლო წუთებამდე იგებდა. მასპინძლებმა 89-ე წუთზე გაათანაბრეს თეიმურაზ შონიას პენალტით.

მეორე დღეს, უშუალო მდევარ „დინამოს“ შეეძლო ლიდერთან ჩამორჩენა ოდნავ შეემცირებინა, მაგრამ, შინ, „ჩიხურასთან“ 1:4 წააგო…

„დინამოს“ შესახებ ამას წინათ ვწერდით და ორ სიტყვას ახლაც დავამატებთ. უხეიროდ გამოიყურება გუნდი. ბოლო 4 მატჩში სამი წააგეს და ერთი ფრედ ითამაშეს. შედეგად, კლუბმა  მწვრთნელი კახა კაჭარავა გაათვისუფლა და მის ნაცვლად ზაურ სვანაძე დანიშნა. ბატონი ზაურის დიდი პატივისეცმის მიუხედავად, არ გვგონია ამ ცვლილებამ რაიმე საგრძნობი უკეთსობა მოიტანოს. წარუმატებლობის მთავარი მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობის მიერ არჩეული სტრატეგიაა და არა მწვრთნელ(ებ)ის კვალიფიკაცია.

ჩემპიონატის ბომბარდირმა გიორგი გაბედავამ (ზემოთ) დინამოს სამი გოლი გაუტანა                                      ბადრი კეთილაძის ფოტო

გავიმეოროთ, მადლობა ბატონ ფიფიას ქართული ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. იმისთვის, რომ წლების განმავლობაში უამრავი ფული დახარჯა ჩვენს გაძვალტყავებულ ფეხბურთში და ისეთი აკადემია ააშენა, შვილიშვილები რომ იამაყებენ. მაგრამ, „დინამო“ რომ ქართველებისთვის მხოლოდ ფეხბურთი არ არის, ესეც კარგად ვიცით.

უკვე მეორე წელიწადია სეზონის განმავლობაში გუნდიდან უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყიდება. მათ ნაცვლად კი, ან არავინ, ან მთლად უწვერულები მოჰყავთ აკადემიიდან. მწვრთნელებს ლამის ორჯერ უწევთ წლის განმავლობაში გუნდის აწყობა და ასეთ ვითარებაში კაჭარავა კი არა, გვარდიოლა და მოურინიუ ერთად რომ მოვიყვანო, ისიც ვერაფერს გახდება.

ეს ერთი. მაგრამ, ახლა, მთავარი ამ შემთხვევაში მომავალია. ასეთი მიდგომით, გამოდის, რომ უახლოეს ხანში „დინამოსგან“ აღარაფერს უნდა ველოდოთ. ევროსარბიელზეც „დუნაისკა სტრედასთან“ გამოუცდელობით მომხდარი მსგავსი წაგებებიც ნორმა და წესი გახდება, ჯერ თუ არ გამხდარა…

ალბათ, მოვიდა დრო, გვიპასუხოს ბ-ნმა ფიფიამ, რას აპირებს…

„ჩიხურამ“ კი ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ გაიმარჯვა და „ტორპედოს“ კვალში უდგას. სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა და ძალიან საინტერესო იქნება მათი უშუალო შეხვედრა მომავალ ტურში, როცა ქუთაისელებს ზემო იმერეთში მოუწევთ ჩასვლა.

წესით „ტორპედო“ ივანწმინდას ჩინებულ ხასიათზე უნდა ესტუმროს. მათ ხომ ბოლო ტურში „სამტრედიას“ 8:0 მოუგეს. აქამდე წლევანდელ სეზონში ერთ მატში 8 ბურთი მხოლოდ „დინამოს“ გაეტანა და მათაც „სამტრედიასთან“ – 8:1. ეს და კიდევ მე-17 ტურის შეხვედრა – „კოლხეთი“ – „დინამო“ 3:6, ყველაზე უხვგოლებიანებია სეზონში.

მნიშვნელოვანი იყო „სიონის“ „რუსთავთან“ დიდი ანგარიშით გამარჯვება. „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მინდორზე, ბოლნისელებმა სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს მეტოქეს და მერე გასახდელში ისეთი გაიხარეს, მათი ჟრიამული ლამის ვაკის პარკში ისმოდა.

საბაბიც ჰქონდათ. „სიონმა“ ცხრილშიც გადაუსწრო „რუსთავს“ და ელიგის ელიტაში დასარჩენად დიდი ნაბიჯიც გადადგა.

32-ე ტური: რუსთავი 0:3 სიონი, ლოკომოტივი 1:1 საბურთალო, დილა 1:0 კოლხეთი, სამტრედია 0:8 ტორპედო, დინამო 1:4 ჩიხურა

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

კოლხეთს დაკლებული აქვს 6 ქულა

33-ე ტური

21 ნოემბერი: ჩიხურა – ტორპედო

24 ნოემბერი: კოლხეთი – რუსთავი, დილა – სამტრედია

25 ნოემბერი: სიონი – ლოკომოტივი

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 20, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 17, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 16, ლეანდრო რიბეირო (დილა), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო) – 13, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი, ავსტრია) – 11, ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო), ლევან კუტალია (ტორპედო) – 10

 

 

წილი
წინა სტატიარეალი სოლარის ჩაბარდა
შემდეგი სტატიაგიჟი იყო!
სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.