აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიკიგი ის ბარიერი იყო, რომელიც კიუსიუ ბაშოს ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ ტოჩინოშინს აუცილებლად უნდა გადაელახა და გადალახა კიდეც.
ქართველმა გოლიათმა მეტოქე ძალისმიერი მიწოლით განდევნა ბზით შემოფარგლული წრიდან. ლევანი კვლავაც ფავორიტის რანგშია. რატომღაც, წლის დასკვნით ბაშოს ბევრი მოულოდნელობა ახლავს. თავად განსაჯეთ: ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია კიუსიუზე მოასპარეზე ერთადერთმა იოკოძუნა კისენოსატომ.
ხვალ დილით ლევანი მიოგირიუს დაუპირისპირდება. სწორედ იმ მიოგირიუს, ვინაც დღეს იოკოძუნას დამარცხებისთვის განკუთვნილი „ოქროს ვარსკვლავი“ დაიმსახურა. აქამდე ეს ფალავნები ერთმანეთს 18-ჯერ შეხვედრიან და ლევანს 11-ჯერ დაუჩაგრავს მეტოქე.