საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფლორენციაში იომა, მაგრამ ვერას გახდა. მოლოდინით, დიდი გამარჯვების მოლოდინით გაფართოებული თვალები ჩაუქრა ქომაგს, დავითიანი დროშები ჩამოიკეცა და ბარე ორი ქართველი ამაღამ ნერვიულობისგან ღამეს თეთრად გაათევს. არადა, მოგება შეიძლებოდა, რომ არა…
აქ ჯობს მიზეზთა გრძელი სიის ჩამორაკრაკებას მოვერიდოთ, ოტიმალური შემადგენლობის არყოლაზე, ახალგაზრდების და გამოუცდელთა სიმრავლეზე, არდასაშვებ შეცდომებზე და მისთანა გარემოებებზე სიტყვა აღარ გავაგრძელოთ. იტალიის ნაკრებმა გვაჯობა – ვაღიაროთ და წინ სვლა გავაგრძელოთ. 2000-იანების დიდი გუნდი სარბიელს ახალგაზრდებს უთმობს და უმცროსებიც მონდომებით ცდილობენ უფროსთა ხელიდან დროშის მიღებას. წესით, შედეგი უნდა მოვიდეს, ქართული რაგბის განვითარების დინამიკა გვაძლევს საამისო საფუძველს.
დღეს კი გულის კოვზში ცუდად ის გვიღიტინებს, რომ მომავალ წლებში აპენინელებს ზედიზედ სამჯერაც რომ ვაჯობოთ, ექვს ერში მიღებაზე სიტყვის დაძვრა გაგვიჭირდება. მაგრამ ექვსი ერი და მეშვიდე საქართველო – ჩვენი რაგბის მთავარ მიზნად და მისიად დარჩება, სხვაფრივ ყოველ ოთხ წელიწადში მსოფლიო თასზე მოგებული ერთი ან ორი თამაში და პირველი ეშელონის ნაკრებებთან წელიწადში თითო დაპირისპირება დიდი რაგბის სამყაროსთან მიახლოებისთვის ერთობ მცირე საგზალია.