დღეიდან ლონდონში დიდი საჭადრაკო ამბავია: ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი და იტალოამერიკელი ფაბიანო კარუანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს იწყებენ.

“მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კვლავ ის მოჭადრაკეები დაუპირისპირდებიან, რომელთა გვარები “კ”-ზე იწყება, აი ამაში ვხედავ საჭადრაკო მაგიას” – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა კირსან ილუნჟინოვმა ბერლინში დასრულებული კანდიდატთა ტურნირის შემდეგ. შეგახსენებთ რომ შეჯიბრის გამარჯვებული სწორედ კარუანა გახდა და ილუმჟინოვმა ორი სიტყვა კერძოდ მასაც უძვღვნა.

“კარუანა გენიალური მოჭადრაკეა და უფრო ბობი ფიშერს შევადარებდი” – ასე დასძინა პრეზიდენტმა. კარუანა მეორე ამერიკელია, ფიშერის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რომ ითამაშებს. პირველად ეს ამბავი 1972 წელს მოხდა. მერეც, ამერიკის სახელით მოასპარეზე გატა კამსკი 1996 წელს ანატოლი კარპოვთან გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, თუმც აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ფიდეს ვერსიით იყო და აბსოლუტურ ჩემპიონატად არ ითვლებოდა, რადგან, გეხსომებათ, მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის თაოსნობით შექმნილი პროფესიონალ მონაწილეთა ასოციაცია ცალკე ატარებდა მსოფლიო პირველობებს.

ახლა კი ექსპრეზიდენტის ნახსენებ, ორი “კ”-ს დუელზე მინდა მოგითხროთ. პირველად აღნიშნული სათაურის დაპირისპირება 1978 წელს, ფილიპინურ ბაგიოში მოხდა, როცა მსოფლიოს ჩემპიონი, საბჭოელი კარპოვი, იმავ ქვეყნიდან გაქცეულ ვიქტორ კორჩნოის შეხვდა, რომელსაც ჯერ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ ჰქონდა და ევროპას იყო შეფარებული. მაშინ ამ დაპირისპირებას სსრკ-დასავლეთის ცივი ომიც უწოდეს. “ტოლიამ” შეძლო ჩემპიონობის შენარჩუნება 16,5:15,5 და სამი წლის შემდეგ ტიტულის დასაცავ მატჩში კვლავ კორჩნოის შეერკინა, რომელიც უკვე შვეიცარიის სახელით გამოდიოდა. შეხვედრას იტალიურმა მერანომ უმასპინძლა და ისევ მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა 11:7.

ჯერ კიდევ საბჭოთა ალმებით – კარპოვი -კასპაროვი

თიკუნი “ორი კ” ჟურნალისტებმა მომდევნო წლებში გამოიგონეს და ის ორი საბჭოელი ჭადრაკის გიგანტის, კარპოვისა და კასპაროვის შეხლას უწოდეს, რომელიც 1984 წლიდან იღებს სათავეს. დიდოსტატები მსოფლიოს ჩემპიონობის მარათონულ მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ერთი მიზნისთვის ორი განსხვავებული პიროვნება იბრძოდა: 33 წლის პლანეტის მოქმედი ჭადრაკის მეფე იყო მოწესრიგებული, გამოირჩეოდა სიდინჯით და თეორიის ცოდნით, მისი მოწინააღმდეგე 21 წლის კასპაროვი კი პირიქით, ახალგაზრდა, მეამბოხე და ენერგიული გახლდათ. მატჩი მოსკოვში 9 სექტემბერს დაიწყო და სკანდალურიც გამოდგა. თავიდან უფროსი “კ” დაწინაურდა, 9 პარტიის შემდეგ 4:0-ს იგებდა. იმდროინდელი წესებით მატჩში გამარჯვებისთვის 6 მოგება იყო საჭირო, ყაიმების ჩაუთვლელად და პარტიათა რაოდენობის შეუძღუდავად. 1984 წლის 19 ოქტომბრისთვის 27 პარტია იყო ნათამაშები, ანგარიში კი 5:0 მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ. თითქოს ყველაფერი კარპოვის სცენარით მიდიოდა და იგი ახლოსაც იყო ტიტულის შენარჩუნებასთან, მაგრამ ბაქოელი არ ნებდებოდა და ერთხანს აგრძელებდა მოსაწყენ ყაიმებს. 12 დეკემბერს ახალგაზრდა დიდოსტატმა პირველი პარტია მოიგო და ანგარიშის სხვაობა 4-მდე შეამცირა. ბრძოლები მომდევნო წელს გაგრძელდა და 30 იანვარს 47-ე პარტიაში ანგარიშის სხვაობა 3-მდე შემცირდა. კასპაროვმა მომდევნო მატჩიც მოიგო და თითქოს მის სასარგებლოდაც შემოტრიალდა ყველაფერი, როცა 15 თებერვალს ფიდეს პრეზიდენტმა ფლორენსიო კამპომანესმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო: “ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები მონაწილეების და ყველა ჩართული პირის ამოიწურაო”. ანგარიშიც გაუქმდებოდა და “კ”-ებს შორის დაპირისპირება იმავე წელსვე, 0:0-ზე დაიწყებოდა, პარტიები კი უკვე რეგლამენტით 24-მდე დაიყვანეს. კასპაროვი წინააღმდეგი იყო მატჩის შეწყვეტის, კამპომანესი კარპოვის მფარველობაში დაადანაშაულა და “კარპომანესი” უწოდა.

გადატანილი მატჩი იმავე წელს, სექტემბერში კვლავ მოსკოვში ჩატარდა, კასპაროვის გამარჯვებით 13:11 დასრულდა და ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონიც იგი გახდა. შედეგიანი პარტიების თანაფარდობამ 5:3 შეადგინა.

მომდევნო საჩემპიონო ჯახებში ორივე “კ” ორჯერ შეხვდა, 1987 და 1990 წლებში. პირველად, სევილიაში კარპოვი ახლოს იყო ტიტულის დაბრუნებასთან და ბოლოსწინა პარტიაში 12:11-ს იგებდა, თუმც დასკვნითი პარტია წააგო და საბოლოო ანგარიშიც გაყაიმდა. ასეთ დროს კი, რეგლამენტით, ტიტულს ჩემპიონი ინარჩუნებდა.

1990 წლის შეხლას ნიუ-იორკმა და ლიონმა უმასპინძლა. კასპაროვი სათამაშო მაგიდასთან რუსეთის დროშით იჯდა, კარპოვი კი დასაშლელად გამზადებული სსრკ-ისათი.

ამერიკული ნაწილი ყაიმით დასრულდა 6:6, მოჭადრაკეებმა თითო მოგება-წაგება გაცვალეს. ფრანგულ მიწაზე კი უკეთესი კასპაროვი იყო, მე-20 ტურში ორი ქულით დაწინაურდა და ჩემპიონობის შესანარჩუნებლად ორი ყაიმიც ჰყოფნიდა, რაც შეძლო კიდეც და ნაადრევად დაიბევა ტიტული. დარჩენილ ორ პარტიაში კი ერთი მოიგო ექს-ჩემპიონმა და საბოლოო ანგარიში 12:5:11:5 დააფიქსირა.

ორი მთავარი “კ”-ს გზები 1993 წელს გაიყარა, მეამბოხე კასპაროვმა ფიდეს პოლიტიკა დაუწუნა, თავის თანამოაზრეებთან ერთად ახალი ორგანიზაცია, “პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია” დააფუძნა და ჩემპიონატის საკუთარი ვერსიით ჩატარებას შეუდგა. არც ფიდე იყო გულხელდაკრეფილი, მეამბოხე საკუთარი რიგებიდან გარიცხა და თავისი საჩემპიონო ციკლი გააგრძელა, რის გამოც უკვე პლანეტას ორი ჭადრაკის მეფე მოევლინა. რადგან ორ “კ”-ზე გვაქვს საუბარი, ფიდე-კასპაროვის დაპირისპირებას აღარ შევეხებით და ჩვენს ისტორიას განვაგრძობთ.

კასპაროვ – კრამნიკის მატჩი 2000 წელს “კაკა შოუს” გაგრძელება იყო.

ფიდეს ვერსიით კარპოვმა სამჯერ იპირველა, ხოლო კასპაროვმა საკუთარი ვერსიით ორჯერ. მესამე დაპირისპირებაში კი პლანეტას ახალი “კ” გამოუჩნდა, ასევე რუსი, 25 წლის ვლადიმირ კრამნიკი. ვლადიმირმა, რომელიც ასევე ფიდეს ჩემპიონატში გამოდიოდა, კასპაროვთან უფრო იყოჩაღა და 2000 წელს მასთან საჩემპიონო დუელის უფლებაც მოიპოვა. მატჩს ოქტომბერში ლონდონმა უმასპინძლა. მეორე ტურში ყველაგან მოულოდნელად ახალგაზრდა დიდოსტატმა მოიგო და დაწინაურდა. კასპაროვმა ვერც მომდევნო ტურებში დაუპირისპირა რამე კრამნიკს, მე-10 პარტიაშიც დამარცხდა და საბოლოოდ მე-15 სვლაზე 6,5:8,5 წააგო. რეგლამენტით 16 პარტია იყო განსაზღვრული.

კასპაროვმა გაიაზრა, რომ ფიდესთან ბუტიაობა კარგს არაფერს მოუტანდა, თან სპონსორებიც შემოელია და შერიგება გადაწყვიტა. მოილაპარაკეს, რომ მსოფლიოს ერთი ნამდვილი ჩემპიონი ჰყოლოდა და გასაერთიანებელი მატჩის ჩატარება გადაწყვიტეს. ჯერ გაიმართებოდა ნახევარფინალი, სადაც კასპაროვი ფიდეს მოქმედ ჩემპიონ რუსლან პონომარიოვს დაუპირისპირდებოდა, ხოლო კრამნიკი დორტმუნდის კანდიდატთა სუპერტურნირის მომგებ უნგრელ პეტერ ლეკოს და გამარჯვებულები ფინალში შეხვდებოდნენ.

კრამნიკმა 2004 წელს ლეკოსთან 7:7 ითამაშა. რადგანაც ჩემპიონი იყო, რეგლამენტით ტიტული შეუნარჩუნდა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. აშკარა იყო რომ ორი “კ”-ს დუელი კვლავ შედგებოდა, რადგანაც კასპაროვი პონომარიოვთან უპირობო ფავორიტად ითვლებობდა, მაგრამ მათი შეხვედრა საკმაოდ გაიწელა და 2005 წლის 10 მარტს კასპაროვმა მოულოდნელად კარიერის დასრულებაზე გააკეთა განცხადება, ჭადრაკში უკვე ყველაფერს მივაღწიეო.

გამაერთიანებელი მატჩი 2006 წელს შედგა, კრამნიკმა კანდიდატთა ტურნირის გამარჯვებულ ვესელინ ტოპალოვს 8,5:7,5 მოუგო და პლანეტაზე კვლავ “კ” გაბატონდა. არც იმ მატჩს ჩაუვლია ექსცესების გარეშე და ისტორიაში უფრო “ტუალეტის სკანდალით” შევიდა.

საჭადრაკო სამყარო არც ძველ “კ”-ებს ივიწყებდა და 2009 წელს უკვე “პენსიაზე” მყოფი კასპაროვი და კარპოვი კვლავ შეახვედრა ამხანაგურად პარიზში, პირველი ეპიკური დუელის 25 წლისთავის აღსანიშნავად.

მალე საჭადრაკო ასპარეზზე ახალი “კ” გამოვიდა. არასაჭარაკო ტრადიციების ნორვეგიაში ვუნდერკინდი მაგნუს კარლსენი გამოჩნდა. 1990 წელს დაბადებული ვიკინგი, ადრეულ ასაკშივე შეიჭრა ფიდეს რეიტინგის მოწინავეთა შორის და აშკარა გახდა, ეს ყმაწვილი ჭადრაკის ისტორიას ახალ ფურცელს შეჰმატებდა. 2009 წელს მაგნუსი ძველ “კ”-სთან, ექს-ჩემპიონ კასპაროვთან შენიშნეს, რომელიც ავარჯიშებდა ყმაწვილს და ეს მალე მის პარტიებსაც დაეტყო, რომლებიც უფრო საინტერესო და დახვეწილი გახდა. 2013-ში კარლსენმა ჩემპიონობა ინდუს ვიშვანათან ანანდს აართვა, ორჯერ დაიცვა ტიტული და ბოლო მისი მეტოქეც ახალი “კ” გამოდგა. ეს პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი სერგეი კარიაკინი იყო, რომელსაც ჩემპიონზე 10 თვით არის უფროსი და ინტერვიუებში ხშირად უთქვამს, ვოცნებობ კარლსენს ფინალში შევხვდე და ტიტული ავართვაო. პირველი ოცნება 2016 წელს აუსრულდა, როცა კანდიდატთა ტურნირი მოიგო და ნორვეგიელთან ჯახის უფლებაც მოიპოვა. აქამდე ეს ორი დიდოსტატი 21-ჯერ შეხვედროდა ერთმანეთს, აქედან 4 ვიკინგს მოეგო, 1 რუსს, ხოლო 16 ყაიმით დასრულებულიყო. “კ”-ების მესამე დიდ დაპირისპირებას ნიუ-იორკმა უმასპინძლა. რეგლამენტით 12 პარტია იყო სათამაშო, ყაიმის შემთხვევაში კი ტაი-ბრეიკი დაინიშნებოდა. საწყისი 7 პარტია ყაიმით დასრულდა, მერვეში კი წინ რუსი გაიჭრა. ნორვეგიელმა მე-10 პარტიაში გაათანაბრა ანგარიში, დარჩენილი ორი პარტია ყაიმით დაასრულა და ბრძოლა ტაი-ბრეიკში გაგრძელდა. პირველ ორ სწრაფ პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა, მესამე შავებით კარლსენმა მოიგო და მეოთხეში ჩემპიონობისთვის ყაიმიც ჰყოფნიდა, თუმც ბოლომდე იბრძოლა, იმარჯვა და ტიტულიც დამაჯერებლად დაიცვა.

კარსლენს (მარცხნივ) შავი ფიგურები ერგო, პირველ სვლას კარუანა გააკეთებს

გავიდა ორი წელიც და “კაკა-შოუ” გრძელდება. ლონდონური მატჩის პირველი პირველი მონაწილე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კარლსენია, მეორე კი ფაბიანო კარუანა. იტალოამერიკელმა კანდიდატთა ტურნირზე 5 პარტია მოიგო, 1 წააგო და 8 დაასრულა ყაიმით. ტურნირზე ორი ძველი “კ”, კრამნიკი და კარიაკინიც გამოდიოდნენ, თუმც ლიდერს ჩამორჩნენ. ერთადერთი მარცხი მომავალ პრეტენდენტს კარიაკინმა აგემა, რომელსაც ქულა დააკლდა პირველობამდე და საკუთარი წარუმატებლობა ცუდ სტარტს დააბრალა.

კარლსენ-კარუანას დუელი 9-28 ნოემბერს ლონდონში ჩატარდება და რეგლამენტით 12 პარტია გათამაშდება. დიდოსტატები ოფიციალურად შავ-თეთრ კუბოკრულ დაფაზე 2010 წლიდან ხვდებიან და სულ 56 (აქედან 33 კლასიკური) პარტია ითამაშეს. 23 კარლსენმა მოიგო, 11 კარუანამ, ხოლო 21 ყაიმით დასრულდა (კლასიკურებში შედეგი ასეთია: +10-5=18).

დიდი ბრძოლის მოლოდინში ვართ. გუშინ კენჭისყრა შედგა და პირველ პარტიაში ჩემპიონს შავი ფერი ამოუვიდა.

წილი
წინა სტატიაიარონ, იყვირონ, მიაწვაააა, არიიიის!!!
შემდეგი სტატიაველბეკის საშინელი ტრავმა
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.