2 საათში აეროპორტში უნდა ვიყო. მოვილიე ყველაფერი და ახლა დავწერ. აბდაუბდად გამომივა, ალბათ… ჰო, ეს 2 საათი მოვიმიზეზე. ისედაც აბდაუბდად გამომივიდოდა. მთელი კვირაა ვფიქრობ, როგორ დავწერო და ვერ დავლაგდი. მართლა ვერ დავლაგდი.
ვერ გამოვდექი ისეთი ოსტატი, რომ ეს რაღაც მოლოდინი სიტყვებით გადმოვცე – სადღაც შორს, იტალიაში საქართველოს ჰიმნის მოლოდინი. ალბათ, ყველაზე მძლავრად შესრულებული ჰიმნის… აი, მარტო წარმოდგენაზეც რომ გბურძგლავს, ეგ როგორ გამოიხატება სიტყვებით, არ ვიცი… ფოტო უნდა ალბათ, ხელებზე რომ ბუსუსები აყრიათ ხოლმე…
ქართველებს ძალიან, ძალიან გვიყვარს სპორტი.
სხვა საქმეა, როგორ გამოგვდის, რას ვაკეთებთ, რას ვაფუჭებთ თუ როგორ ვმაიმუნობთ. მაგრამ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან გვიყვარს სპორტი.
აბა, მითხარით, რამდენი ქვეყანა იცით, რომელიც მოლდოვებთან და მალტებთან ფეხბურთზე 55 ათასიან სტადიონს გაავსებს?
რამდენი ქვეყანა იცით, რომელიც ლუქსემბურგთან კალათბურთზე 10 ათასიან სპორტის სასახლეს გაავსებს?
რამდენი ქვეყანა იცით, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც 1 თვეში სუმოს ტერმინოლოგიას ისწავლის და დილაობით სამსახურებში ბუთქუნა კაცების ლაივს ჩაუჯდება?
რამდენი ქვეყანა იცით, რომელიც თავის ერთ, ჰო, ერთ სპორტსმენს, მთელი თვე გვერდში დაუდგება, ლამის ოლ სტარზე გაიყვანს და იმ უზარმაზარ და გაოგნებულ ამერიკას ხმის მიცემის წესებს შეაცვლევინებს.
ჩვენ ვართ ეგეთები! დიახ, ჩვენ, ქართველები!
ჰოდა, ახლა რაღაც ახალია. ავიყარეთ და მივდივართ. პირველი ასეთი აყრაა… ტრაბზონში იყო წლების წინ, იმავე რაგბის ნაკრებს რომ წავყევით, მაგრამ ის სხვა იყო – იქ მარტო ჩვენ ვიყავით, ახლოს იყო და მასპინძლებიც გვეთქმოდა. ახლა კი, ნამდვილი Away ფანები ვართ. პირველად ასე მძლავრად!
კინოებში ჭაკად ვარ, მაგრამ ერთი ფილმი მახსოვს, კეანუ რივზი თამაშობს. პრეზიდენტების ნიღბებით ბანკებს ძარცვავენ სერფერები. ბოლოს ეს კეანუ რივზი ბანდის მეთაურს დაიჭერს ოკეანის სანაპიროზე, დიდი შტორმის დროს და ის ეუბნება, გამიშვი, შევცურავ და გამოვალ, ხომ იცი, რამდენი წელია ამ ტალღას ველოდებიო. ესეც გაუშვებს. რაც იტალიასთან თამაში გადაწყდა, სულ ეგ ამბავი მახსენდება ხოლმე. რამდენი წელი ველოდით და აჰა, მოვიდა. შეიძლება ესეც დიდი ტალღა გამოდგეს…
მაგარი ბიჭები გვაკლია, ძალიან საჭირო ბიჭები. მაგრამ, მაგარი ბიჭები გვყავს, ძალიან საჭირო ბიჭები!
იქით იტალიელები გვემუქრებიან – უნდა დაგადუმოთ დიდი ხნითო. რაგბიში ასეთი ბაქი-ბუქი ნაკლებად მოსულა და ემანდ, სირცხვილი არ ჭამონ იმ თავისი ხის კოვზებით, 6 ერში რომ დაუგროვებიათ.
ჰო, ვიცით, რომ შაბათს ფავორიტები ვერ ვართ, მაგრამ, აბა, იმას რა თქმა უნდა, რომ ძალიან ვიბრძოლებთ. და ეს ძალიან ბრძოლაა ხოლმე ის, რაც გვაგიჟებს და რატომაც გვიყვარს ბორჯღალის ბიჭები.
ვითომ ისე გვაკლდა და ჩვენების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სულ გაგვახელა – ბრძოლაში ბედნიერებიო! მაგრად თქვა, მოგვიხდა!
ძალა მართლა ერთობაშია. ქვემოთ მორბენალმა ბიჭებმა და ზემოთ მოღრიალე დანარჩენებმა ერთად უნდა ვიბრძოლოთ. დიდი ამბები იქნება, დიდი!
იტალიაში მცხოვრებმა ქართველებმა მოიწერეს, დროშები წამოიღეთ ზედმეტობითო. გოგონამ მოიწერა, ამა და ამ სექტორთან ვიდგები ჩემი საღებავებით და სახეებს დროშებით მოგიხატავთ, ოღონდ, ფული არც კი მიხსენოთო. ახლომახლო ევროპებიდან ჩამოდიან ქართველები დიდი ღრიანცელით…
და რამდენი ვერ იქნება… რამდენი ისეთი, ვისაც ეს ქართული რაგბი თავისი ქომაგობით აქამდე მოუყვანია და მაგრადაც მოუყვანია. რამდენი აქედან შეაწევს ხმას და გულს ჩვენს ბიჭებს. და რაგბი მართლა გამოდგა ჩვენი თამაში.
შედეგები, ტაბლოები, ცხრილები და რეიტინგები სულ რომ არ გავიხსენოთ, ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ხვალ, ფირენცეს ვიწრო ქუჩებში ივლის ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და იარონ, იყვირონ, მიაწვააააააა არის!!!