„არსენალის” ვარსკვლავი დენი ველბეკი კოჭის საშინელი ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გააქანეს. თავდამსხმელი, რომელიც მოედნიდან საკაცით და ჟანგბადის ბალონის მიშველებით გაყივანეს, პირველი ტაიმის შუაში თავურის დასარტყმელად ახტა, მაგრამ საოცრად უიღბლოდ დაეშვა.

ველბეკი, რომელსაც სავარაუდოდ ძვალი გაუტყდა, პიერ-ემერიკ ობემაიანგმა შეცვალა. „არსენალის” მოთამაშეები, განსაკუთრებით კი მატეო გენდუზი ინციდენტის გამო შეძრწუნებულები ჩანდნენ. როდესაც ველბეკი მოედნიდან გაჰყავდათ, „ემირეიტ სთედიუმი” ფეხზე წამოდგა და დაშავებული ოვაციით გააცილა.

საავადმყოფოში ექიმებმა დაადასტურეს, რომ 27 წლის ფეხბურთელს ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდება. ცხადია, „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მოთამაშეს მოახლოებული სანაკრებო შეხვედრებიც გაუცდება.

მატჩის დასრულების შემდეგ სოციალური ქსელები ველბეკის გამამხნევებელი ტექსტებით გაივსო. კეთილი სიტყვები უპირველეს ყოვლისა მისმა თანაგუნდელებმა არ დაიშურეს.

„არსენალისა” და ლისაბონის „სპორტინგის” თამაში 0:0 დასრულდა.

დენი ველბეკის კონტრაქტს „მეთოფეებთან” ვადა ზაფხულში გაუდის. საახალწლოდ მასში 10 მილიონი გირვანქის გადახდას „კრისტალ პალასი” აპირებდა.

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ „სპორტინგთან” შეხვედრა შესაძლოა უკანასკნელიც კი აღმოჩნდეს ფეხბურთელის კარიერაში.