ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „პარი სენ ჟერმენში” ოთხი წელიწადი გაატარა, 2012-დან 2016-მდე. ამ ხნის განმავლობაში მან პარიზელთა შემადგენლობაში, ყველა შეჯიბრებაში ერთად 156 გოლი გაიტანა. ასეთი სტატისტიკის შემყურე გულშემატკივარი იფიქრებს, რომ იბრას ფრანგულ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგ ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც შვედმა ახლახან გამოსცა (წიგნს ჰქვია „მე ვარ ფეხბურთი”) ძალიან საინტერესოდ არის მოთხრობილი ამბავი, თუ როგორ მოხვდა ის „პარკ დე პრენსზე” და იყო თუ არა პსჟ მისი საოცნებო გუნდი.
წინაისტორია ასეთი გახლავთ: 2012 წლის ზაფხულისთვის იმხანად 31 წლის ფორვარდი „მილანში” თამაშობდა, სადაც თავს ჩინებულად გრძნობდა. მაშინ „როსონერის” ვიცე-პრეზიდენტმა და ყველანაირი საქმის მჩარხავმა ცნობილმა ადრიანო გალიანიმ, იბრაჰიმოვიჩს უთხრა, არხეინად იყავი, სანერვიულო არაფერი გაქვს, შენს „სან სიროზე” ყოფნას არაფერი ემუქრებაო.
ზლატანი იხსენებს: „რამდენიმე კვირის შემდეგ, შვედეთში, ვექსჰოლმში, ჩემს სახლში ვიყავი. ზღვაში ჰიდროციკლით დავქროდი, როდესაც ტელეფონს დავხედე და ვნახე, რომ მინოს (ლაპარაკია სუპერაგენტ მინო რაიოლაზე) ხუთჯერ დაურეკავს. გადავურეკე. მან მითხრა, რომ ჩემთან „პარი სენ ჟერმენის” სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს უნდა საუბარი და ის მალე დამიკავშირდება. „მე მის ზარს უბრალოდ არ ვუპასუხებ, რადგან არსად გადასვლას არ ვაპირებ. გალიანი დამპირდა, რომ არ გამყიდის” — ვუპასუხე მინოს. ამაზე მან მოკლედ მომიჭრა: „ვიცი, დაგპირდნენ, მაგრამ უკვე გაგყიდეს.
მინოს გამოვუცხადე, რომ პსჟ-ს საქმეს გავურთულებდი. კერძოდ, დავიჩემე, რომ პარიზელთაგან ისეთივე ხელფასს ვითხოვდი, როგორსაც „მილანი” მიხდიდა. მინდოდა მათ ეთქვათ: „აზვიადებ, ძმაო. ძალიან ბევრს ითხოვ”. ვიმედოვნებდი, რომ დიდი გასამრჯელოს მოთხოვნით და სხვა პრეტენზიებით უკან დავახევინებდი. ამიტომაც ვთხოვე მინოს, ჩემი მოთხოვნები დაწვრილებით ჩამოეწერა. ყველაფერი ჩამოვთვალე და რომ მოვრჩი, მეუღლეს ჰელენას ვუთხარი, ამას „პარი სენ ჟერმენის” პატრონები არასდროს დათანხმდებიან, მეთქი”.
მოტყუვდა ზლატანი. პირობების წაყენებიდან 20 წუთში საფრანგეთიდან პასუხი მოვიდა: პსჟ ყველაფერზე თანახმა იყო.
„ასეთი პასუხის შემდეგ უკანდასახევი გზა აღარ მქონდა. „კეთილი, შეუთვალე, რომ შევთანხმდით”, — ვუთხარი მინოს. მე სიტყვის კაცი ვარ. თუ რამეზე ვამბობ, რომ გავაკეთებ, ესე იგი გავაკეთებ”, — იგონებს იბრაჰიმოვიჩი.
„პარი სენ ჟერმენში” გატარებული წლების შემდეგ ზლატანი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, ახლა კი აშშ-ში, „ლოს ანჯელეს გალაქსიში” გამოდის.