რუსი მილიარდერი და საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ მფლობელი დმიტრი რიბოლოვლევი კორუფციის საქმესთან დაკავშირებით მონაკოს პოლიციამ დააკავა. სამართალდამცავებმა მონაკოში მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს.

ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ ინფორმაციით, მილიარდერი გავლენების აქტიურად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ფრანგული პრესის ინფორმაციით, რუსი მილიარდერი ერთ-ერთ საქმეში გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა.

საქმე შვეიცარიელ არტ-დილერ ივა ბუვიეს ეხება, რომლისგანაც რუსი მილიარდერი ხელოვნების ნიმუშებს ყიდულობდა. შენაძენებს შორის იყო ვან გოგის, პიკასოს და მოდილიანის ნახატები. თუმცა მოგვიანებით რიბოლოვლევმა დილერი თაღლითობაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებდა, რომ დილერმა მას 37 სურათი დაუსაბუთებლად მაღალ ფასში მიყიდა, რითაც 1 მილიარდი ევრო იზარალა.

ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, რიბოლოვლევის ქონება 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.