დღეს საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ისე ჩანდა, რომ ფინალში თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ უნდა გასულიყვნენ, რადგან ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. თუმც ეს თასია, თასმა კი მოულოდნელობები იცის.
თელავში სენსაცია არ მომხდარა, ქუთაისის „ტორპედომ“ ალეკსანდრ აზაცკის ეული გოლით 1:0 მოუგო თელაველებს და ფინალში გავიდა.
აი, თბილისის დავით პეტრიაშვილზე კი „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ ხვდებოდა და დამატებითი დრო გახდა საჭირო. იქ კი ერთი გოლი გავიდა, რომელიც გაგრელებმა გაიტანეს – ვაჟა მათიაშვილმა კუთხურის მერე იხეირა.
შეგახსენებთ: 2011 წელს ფინალში სწორედ „გაგრა“ და „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ, გაგრელებმა მოულოდნელად 1:0 მოიგეს და თასი ასწიეს. მაშინ სევასტი თოდუამ ავტოგოლი გაიტანა დამატებით დროში… „ტორპედოს“ რევანშის შანსი მიეცა.
„გაგრას“ კი ფინალში გასვლას ვულოცავთ! თანაც, მოიგეს აშკარა ლიდერისა და მეგოლის, რატი ცაცკრიალაშვილის გარეშე.
საჭიროა წმენდა
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ „დინამო“, როდემდე უნდა იყოს ასე? „დინამო“ კიდევ ერთხელ რჩება ჩემპიონობის გარეშე და ახლა თასიც ვერ მოიპოვა, ევროტურნირებზე პირველივე ეტაპზე გავარდა. შარშან საერთოდ ვერ გავიდა ევროსარბიელზე. რაღა დარჩა?
ბატონო რომან ფიფია, თავი და თავი ამ წარუმატებლობისა თქვენ ხართ. საცოდაობაა, თბილისის „დინამო“ გერქვას, ასეთი ბაზა და აკადემია გქონდეს და შედეგი…
წარსულს თავი რომ დავანებოთ, შარშან ზაფხულს მივხვდით, რომ ცუდი გზისკენ მიგყავდათ „დინამო“. მოკლე ინტერვალში წავიდნენ გუნდიდან გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი გველესიანი, ბაჩანა არაბული. პლუს, ოთარ კიტეიშვილი დაშავებული იყო. სანაცვლოდ ისეთი არავინ მიგიყვანიათ, ახლოსაც რომ ყოფილიყვნენ ამ ფეხბურთელების შესაძლებლობებთან…
იყო ასე? იყო! თუ გუნდის შენახვა აღარ გსურთ და მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვას ხართ მოწადინებული, ესეც თქვით და გავიგებთ რისთვისაც ხართ გუნდში და საზოგადოება, ქომაგი ცალკე მოითხოვს ამისთვის პასუხს…
„დინამო“ წინა სეზონში ლიდერობდა, თუმც ორ თვეში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გაიყიდა „გენტში“, ხოლო პერსპექტიული მცველი ლუკა ლოჩოშვილი კიევის „დინამოში“. ვინ მოიყვანეთ მათ ნაცვლად? ტრანსფერები დახურული იყო? მანამდე გეზრუნათ. და რომ არ(ან ვერ) იზრუნეთ, ესაა სუსტი მენეჯმენტი.
„დინამომ“, ფაქტობრივად, ხონჩაზე დადებული ჩემპიონობა დაკარგა.
არავინ გიკარგავთ და მადლობას გიხდით აკადემიის განვითარებისთვის. თუმც რისთვის, როცა ვერ ინარჩუნებთ საუკეთესო ტალანტებს (ხვიჩა კვარაცხელია, ზუკა დავითაშვილი), ან თუ ინარჩუნებთ და ასხვისებთ (ჩაკვეტაძე), შემოსული თანხის შედეგი არსად ჩანს.
მიზანი რა არის?
მხოლოდ აღზრდა და გაყიდვა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის საქმე არ უნდა იყოს. და ასეც რომ იყოს, განვითარებას ხომ სწორი მიმართულება სჭირდება?! საბა ლობჟანიძე რომ გაყიდეთ, მასთან მიახლოებული დონის შემტევი მაინც მიიყვანეთ გუნდში?
არასწორია, რომ ჯოხი გადატყდეს კახა კაჭარავაზე, რომელსაც წელიწადში ორჯერ უხდება ახალი გუნდის გაკეთება და 18-19 წლის ბიჭებზე დაყრდნობა. ჩვენც ვიცით, ხმები გამოდის, რომ კაჭარავას არაერთხელ უთქვამს – ამ გუნდით შედეგი გაჭირდება, ფეხბურთელები მჭირდებაო. ან კი კაჭარავას თქმა რად უნდა, უწვერული ბიჭებით რომ შედეგი არ მიიღება, ეს ხომ ორჯერ ორია?!
„დინამოში“ სერიოზული წმენდაა საჭირო. ასე გაგრძელება, არ შეიძლება, ცუდის მომასწავებელია…