ანტონიო კონტეს „ჩელსიში” მუშაობის დროს მანქანა არასწორ ადგილას დაუყენებია და ეს ფაქტი, „მირორის” ცნობით, ახლა დასავლეთ ლონდონის კლუბს საშუალებას აძლევს ყოფილ მწვრთნელს  20 მილიონი გირვანქა არ გადაუხადოს.

შეგახსენებთ: „ჩელსიმ” იტალიელი თანამდებობიდან ივნისში დაითხოვა, როდესაც კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადამდე მთელი წელიწადი რჩებოდა. ასეთ დროს წესით დამქირავებელმა დაქირავებულს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ვერ რიგდებიან და როგორც იტალიური პრესა წერს ამიერიდან სასამართლოში გაურჩევენ ერთმანეთს საქმეს.

ზემოთ 20 მილიონი ვახსენეთ. ეს თანხა ასე იკრიბება: კონტეს წესით, კომპენსაციის სახით 11,3 მილიონი ეკუთვნოდა, რასაც მისი აზრით რეპუტაციის შელახვისთვის 8,7 მილიონი ჯარიმის სახითაც უნდა დაემატოს.

ზოგადად „ჩელსისთვის” კომპენსაციის გადახდა უცხო ხილი არ არის. რაც „ლურჯების” პატრონი რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩია, კლუბს არაერთი მწვრთნელი გაუშვია და ფულიც გადაუხდია. მარტო ჟოზე მოურინიუს ორჯერ გაშვება 30 მილიონი გირვანქა დაჯდა.

მაგრამ, ამ დღეებში, როდესაც დასავლეთ ლონდონელები ევროლიგაზე ბორისოვის „ბატესთან” სათამაშოდ ემზადებიან, იტალიური „გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ კლუბი ანტონიო კონტესთვის ფულის გადახდას არ აპირებს.

მიზეზი ოთხია: როგორ ეპყრობოდა მწვრთნელი ესპანელ თავდამსხმელ დიეგო კოშტას იანვრამდე, სანამ ის მადრიდის „ატლეტიკოში” გაიქცეოდა; როდესაც საჭირო იყო სპონსორებთან ერთად გამოჩენა, ვერ მოახერხა; მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე დაიგვიანა და… არასწორი პარკინგი. ამ ყველაფერს ადვოკატები პროცესზე სავარაუდოდ ისე წარმოაჩენენ, რომ „იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი შეიძლება ტერორისტი გეგონოთ.

კლუბსა და მწვრთნელს შორის დავა განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც 49 წლის კონტე საკითხის საქმიანად და მშვიდად გასარჩევად, ორჯერ არ მივიდა მოლაპარაკებაზე.

ახლა ამბობენ, რომ იტალიელმა თქვა, რაც ხდება უკვე პრინციპის ამბავიაო და სასამართლოში აპირებს დავის გაგრძელებას. მას მიაჩნია, რომ თუკი კლუბი გაშვებას უპირებდა, ეს თავიდანვე უნდა ეთქვა. რეალურად კი გამოვიდა, რომ ის ჯერ ჩაიყვანეს „ჩელსიში”, სეზონისწინა მზადება დააწყებინეს და მერე გაუშვეს, როდესაც ახალი სამსახურის პოვნის საშუალება აღარ იყო — ყველა კარგ კლუბს უკვე ნანახი ჰყავდა ახალი მწვრთნელი.