აფერუმ ნემანია მატიჩს, მის პატრიოტიზმს და პრინციპულობას. “მანჩესტერ იუნაიტედის” სერბ საყრდენს შაბათს “ბორნმუთთან” ჰქონდა რთული მატჩი. შეხვედრის წინ, გასახდელში მატიჩი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავდა მათ სათამაშო მაისურზე გამოსახული ყაყაჩო. მატიჩს აუხსნეს რომ ამ სიმბოლოთი პატივს მიაგებენ ყველა გარდაცვლილ ბრიტანელ ჯარისკაცს, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, NATO-ს მისიებში დაღუპულებსაც…

მატჩის მსვლელობისას დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ მატიჩს ყაყაჩოს სიმბოლო არ ჰქონდა მაისურზე, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. ბუნებრივია, ბრიტანელმა ტაბლოიდებმა თემა ააგორეს და სერბ ნახევარმცველს დიდი რისხვა დაატყდა თავს, თუმც ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ინსტაგრამის მეშვეობით თავისი გადაწყვეტილების მიზეზი აეხსნა კრიტიკოსებისთვის და ქომაგთათვის:

–მე სავსებით ვაცნობიერებ, იმას თუ რატომ ატარებს ხალხი ამ სიმბოლოს. ვიღაცისთვის ეს პატივისცემის სიმბოლოა, ჩემთვის კი დიდი ტკივილია ბავშობაში დაბრუნება, იმ ბავშვობაში სადაც 12 წლის ბიჭი სოფელ ვრელოში ომს ვუყურებდი. 1999 წელს ჩემი ქვეყანა იბომბებოდა, ამაში NATO-ს მისიონერებიც მონაწილეობდნენ. უმოწყალოდ იხოცებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა. იმედი მაქვს, სწორად აღიქვამთ ჩემს განცდებს ამასთან დაკავშირებით და არ გამამტყუნებთ. მე პატივს ვცემ ჩემი და ჩემი ერის ღირებულებებს და სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი.

აი, ეს დაპოსტა მატიჩმა და კლუბის მხარდაჭერის იმედიც გამოთქვა. რა პოზიციას დაიკავებს “მანჩესტერ იუნაიტედი”, მალე გამოჩნდება. ჩვენი მხრივ კი დავძინოთ, რომ პიროვნული ნება უპირველესია და იძულებით შენთვის მიუღებელ სიმბოლოებიან ვერც მაისურს ჩაგაცმევენ და ვერც სამკლაურს შეგაბავენ.