ახლა კი არა, ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში წერდნენ „ბილდი” და „შპორტ ბილდი”, რომ მიუნხენის „ბაიერნი” მომავალ ანუ 2019 წლის ზაფხულში საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველს ბენჟამენ პავარს იყიდის. ზუსტად ასახელებდნენ თანხასაც — 35 მილიონი ევრო. დღეს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი, საინტერესო დეტალები გახდა ცნობილი.

„ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” წერს, რომ „რეკორდმაისტერის” დირექტორი მიხაელ გერლინგერი პავარს რუსეთშივე მოელაპარაკა ყველაფერზე. ეს ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან რუსეთში ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნების ნაკრებებში იყვნენ დაკავებულები და წესით აგენტებთან და დირექტორებთან სალაპარაკო დრო არ უნდა ჰქონოდათ. გაზეთი წერს: „ვერავინ შეამჩნია, როდის მოახერხა გერლინგერმა ფეხბურთელთან მოსკოვში შეხვედრა და 2019 წლის ტრანსფერის მოგვარება”.

გაირკვა, რომ გერლინგერი, რომელიც „ბაიერნის” გარდა გერმანიის საფეხბურთო კავშირშიც მუშაობს, მსოფლიოს მომავალ ჩემპიონს 26 ივნისს შეხვედრია. ეს ის დღეა, როდესაც „სამფეროვნებმა” რუსეთის დედაქალაქში დანიასთან 0:0 ითამაშეს.

პავარი, მოგეხსენებათ 22 წლისაა და „შტუტგარტის” ფეხბურთელია. „ბაიერნი” მას, რასაკვირველია, გასულ ზაფხულშიც სიამოვნებით იყიდდა, მაგრამ „შტუტგარტმა” კატეგორიულად განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პავარს არ გაყიდდა.