ორიოდ დღის წინათ ვწერდით: თუ „საბურთალო“ საკუთარ თავთან არ დამარცხდა, საჩემპიონო დავაში მისი დამწევი არავინააო. იქვე დავსძინეთ, რომ ამის მთავარი მიზეზი, უშუალო კონკურენტის, „დინამოს“ გამოუცდელობაა.
აი, დასტურიც. თბილისელები ქუთაისის „ტორპედოს“ სამი დღის განმავლობაში მეორედ შეხვდნენ. შინ წაგების შემდეგ, ცხადია, კახა კაჭარავას შეგირდებს რევანშის წყურვილი არ ასვენებდათ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი, ქულები იყო, ოქროს ქულები, რომელიც ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება.
ქუთაისის „რამაზ შენგელიაზე“ „დინამო“ უფრო მოწესრიგებული ჩანდა. მათე ვაწაძის მინდორზე გასვლამ ხომ სიუჟეტი სულაც სტუმრების სასარგებლოდ შეცვალა. ორი გოლიც გაიტანეს (ვაწაძე, ხარაბაძე) და მერე მოპოვებულის შენარჩუნება გახდა საჭირო. მაგრამ თავი ისევ გამოუცდელობამ იჩინა, ბოლო ოთხ წუთში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს, ანგარიშიც გაათნაბრეს და კიდევ რამდენიმე წუთი რომ დარჩენილიყო, ვინძლო გაემარჯვათ კიდეც.
„საბურთალომ“ კი „რუსთავს“ მოუგო და „დინამოს“ 7 ქულით გაუსწრო. ჩემპიონატის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე, ეს სოლიდური ფორაა.
სხვა მხრივ, გამოსარჩევია „სიონის“ „დილასთან“ გამარჯვება. ბოლნისელებმა უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს. მოგეხსენებათ, სფფ-ის დებულების მიხედვით, ბოლოადგილოსანი პირდაპირ დაქვეითდება ლიგა 2-ში, მე-8-9 ადგილებზე გასულნი კი პლეი ოფს გამართავენ ქვედა ლიგის მე-2-3 გუნდებთან.
ახლა „სიონი“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორება მეშვიდე ადგილზე მდგარ „რუსთავს“. თან მომავალ ტურში ხვდება „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მინდორზე. ნომინალური მასპინძლები რუსთაველები არიან, მაგრამ რეალურად ეს სარბიელი ორივესთვის საშინაოა წლევადელ სეზონში. ასე რომ, ქვემოქართლურ დერბიში წესით, დიდი ცეცხლი უნდა დაინთოს.
სიონელმა ბიძინა მახარობლიძემ ტურის ერთადერთი დუბლი შეასრულა, რომელიც ჩემპიონატში ჯამში 42-ე გახლდათ.
სამტრედიელმა გიორგი ფანცულაიამ კი „კოლხეთს“ სტუმრად 37-ე წუთზე გაუტანა. ეს მე-400 გოლი აღმოჩნდა სეზონში. ჯამში 24 წლის ფანცულაიას 6 ბურთი მოუგროვდა წლეულს. მოგეხსენებათ, გიორგი 80-იანი წლების თბილისის „დინამოს“ უნიჭიერესი შემტევის, მამუკა ფანცულაიას ვაჟია.
31-ე ტური: ჩიხურა 0:0 ლოკომოტივი, სიონი 3:1 დილა, საბურთალო 2:1 რუსთავი, კოლხეთი 0:1 სამტრედია, ტორპედო 2:2 დინამო
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |
„კოლხეთს“ დაკლებული აქვს 6 ქულა
32-ე ტური
9 ნოემბერი: რუსთავი – სიონი
10 ნოემბერი: ლოკომოტივი – საბურთალო, დილა – კოლხეთი
11 ნოემბერი: სამტრედია – ტორპედო, დინამო – ჩიხურა
მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 17, ბუდუ ზივზივაძე (დინამო), მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 16, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 13, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, ლევან კუტალია (ტორპედო), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) – 10, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) – 9