დღესასწაულიო! პრინციპში სხვა რა უნდა ვუთხრა? თავადვე დავწერე, ამ ოხერი ცაცია ხელით, იქნება დიდებული თამაში, ორივე მხრიდან ხასიათები და გმირები-მეთქი.

რატომ დავწერე ასე, არ ვიცი, ალბათ, გასამხნევებლად, ხმაურის გსაძლიერებლად, სტადიონზე ჩვენი სიმღერის მოსასმენად.

გუშინწინ საღამოს „სარბიელში“ ინგლისელთა სავარაუდო შემადგენლობას ადგენდნენ. თავი მოკვიკალი, ბეტი და ფერდინანდი არ ითამაშებენ-მეთქი. სამი დღე რაიტის სასტარტოში თამაშზე ვლაპარაკობდი (სიმართლე ვთქვა, ჰინჩკლიფს ვითხოვდი და არ გავიდა). ინგლისელთა ვარსკვლავურ შემადგენლობას ვაწვებოდი.

დღესასწაულიო! ამასაც იმიტომ ვფიქრობდი, რომ ასიათასჯერ მენახა, ინგლისელთა სისხლში გამჯდარი ღია, ცეცხლიანი თამაში და ჩვენც ხომ ამისთვის ვართ გაჩენილნი?

დღესასწაული არ გამოვიდა (არა, შედეგს არ ვგულისხმობ, შედეგი რეალური და მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეს არცერთ ჟურნალისტს არ დაუწერია, ნაკრებისადმი სოლიდარობის და სიყვარულის ნიშნად). დღესასწაული არ გამოვიდა იმიტომ, რომ ჰოდლმა, რომელიც ალბათ ყველაზე ახალგაზრდა პროფესორია მწვრთნელებს შორის, უარი თქვა ამ დღესასწაულზე. თამაში წავიდა ისე, როგორც დაგეგმა ამ მაღალმა და სიმპატიურმა კაცმა – არავითარი ინგლისური ტემპი, არავითარი შხუილი და თავგანწირვა. უბრალოდ სიზუსტე, ბრძოლა და კლასი. გოლები არაფრიდან, მაგრამ ძალიან ლოგიკური გოლები.

ამ საქმეს არ სჭირდებოდა ოჩოფეხებზე შემდგარი ოქროსქოჩორა ლივერპულელი, არც ეშმაკის ფეხი იანი, რომელმაც ორ წუთშიც საკმაო რამ მოასწრო.

გავიმეორე, ეს იყო ჰოდლის თამაში? მეორე გუნდი იქ არ იყო. ჩვენგან დარჩა მხოლოდ თბილისის ეზოებში ნანახი მეტად ლამაზი ცრუ მოძრაობები და ერთგვარი, ლამის ტრადიციად ქცეული დაბნეულობა. ეს არ იყო სტადიონის ფეხბურთი.

თამაშამდე არ ყოფილა ისეთი განწყობა, აქაოდა წავაგებთო.

ჩვენ რაც შეგვეძლო ვყვიროდით: „ლივერპული“! „ლივერპული“! გახსოვდეს „ლივერპული!“

გუშინწინ ღამით ის „ლივერპულიც“ ვნახეთ ტელევიზორში – გავიხსენეთ, გავიხარეთ და მორჩა.

ეჰ, სად წასულა ფეხბურთი?

ერთი ჰოდლის ბლოკნოტი ჩამაგდებინა ხელში.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა თამაშის შემდეგ თქვა, ჩვენი ფეხბურთელების ავ-კარგი კარგად ვიცი, ოღონდ მე ის კაცი არა ვარ, ახლა გვარების ჩამოთვლას და ვიღაცეების კრიტიკას მივყო ხელიო. მოვა დრო და მწვრთნელი აღარ ვიქნები, მაშინ დავსხდეთ და ვთქვათო.

ეს ჰოდლის ბლოკნოტშიც ჩაწიკწიკებული იქნება, ამიტომ მინდა დავითრიო. თუმცა რა, ისედაც კარგად ჩანდა ყველაფერი, რა ბლოკნოტი ამიტყდა?

გუშინწინ ერთი ქომაგი მიმტკიცებდა, რომ საქართველოს დაცვა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მეორე ამბობდა, რომ ინგლისელები მოუხეშავი ხალხია. მესამე, რომ უამრავი ვარსკვლავები გვყავს.

და მხოლოდ ერთმა თქვა, ღმერთმა ქნას, თამაში იყოსო. თამაში – იგივე დღესასწაულია.

დღესასწაული!

არ გამოვიდა.

ძნელი იყო გამოსულიყო.

თუნდაც იმიტომ, რომ შესვენებაზე სტადიონის საპირფარეშომ გაჭირვებულნი ვერ დაიტია და ნირწამხდარი მოქალაქენი იქვე, გრძელ რიგად ჩაწყობილნი კედელს ასველებდნენ.

ამინდი სადღესასწაულო იყო.

მხოლოდ თამაშის შემდეგ წამოვიდა წვიმა, ოღონდ „კოკა-კოლას“ ცარიელი ბოთლებისა.

ერთი კარგი რამ კი მაინც მოხდა: ჰოდლმა დაიმახსოვრა გვარი.

ხუთშაბათს, „მეტეხში“ ჰოდლმა მისთვის მოსაწონ ქართველთა შორის ქეცბაია დაასახელა, გუშინ საღამოს კი თქვა ქეცბაია კარგი იყოო.

სხვა რა?

გლენი, ალბათ შორს წავა.

ქინქიმ კი ერთი მაინც გაინავარდა, აქაოდა, რაცა ვართ ეგა ვართ, დარდი და კვნესა ვართო.

რაც იყო გუშინ საღამოს, ჩვენია. ჩვენში დევს და მიჭირს ვიღაცის ძებნა დავიწყო.

დღესასწაულები ხომ ძალიან ცოტა გვაქვს – აი, ტრადიცია.

 

10.11.1996

წილი
წინა სტატიამარცხი პირველი
შემდეგი სტატიაცურვით დიდი ბრიტანეთის გარშემო
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.