15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან და 19–ში თბილისში ყაზახეთთან: საქართველოს ეროვნული გუნდი ამ ორ შეხვედრას თუ მოიგებს, ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას გარანტირებულად მეოთხე კალათაში იქნება.

უფრო მარტივად, ერთა ლიგის D დივიზიონის საუკეთესო ნაკრები (ჯგუფური ეტაპის შედეგით) ევროშესარჩევის მეოთხე კალათაში მოხვდება. ამ მომენტისთვის საქართველო საუკეთესოა, ყველა მატჩი მოიგო და გოლიც არ გაუშვია.

ამიტომაც არის, რომ ერთა ლიგაზე ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. შესარჩევის წილისყრაც რომ არა, საქართველო ოთხიდან ორ საუკეთესო პირველადგილოსანში აუცილებლად უნდა მოხვდეს და 2020 წლის მარტში ნახევარფინალი შინ ითამაშოს.

ცოტა სტატისტიკაზეც…

ანდორასთან მატჩი საქართველოს ნაკრების ისტორიაში 230–ე იქნება. სადღეისოდ ჩვენების  სტატისტიკა ასეთია: 229 თამაში, 70 მოგება, 46 ფრე, 113 წაგება, ბურთები 259:327.

მარტო შესარჩევები რომ ავიღოთ, ასეთი თანაფარდობაა: 120 მატჩი, 29 მოგება, 24 ფრე, 67 წაგება, ბურთები 123:176.

ამ 29 გამარჯვებიდან 9 გასვლაზე გვაქვს მოპოვებული და ანდორასთან თუ დამრგვალდება, კარგი იქნება.
კონკრეტულად ვლადიმირ ვაისის თავკაცობით ნაკრებს ასეთი სტატისტიკა აქვს: 28 მატჩი, 11 მოგება, 8 ფრე, 9 წაგება, ბურთები 41:29.

კიდევ, ანდორა საქართველოს სტადიონ „ანდორა ლა ველაზე“ უმასპინძლებს, სადაც 3300 მაყურებელი ეტევა.