ოუენ ფარელის ფეხმა ინგლისი ახეირა. ფოტო: www.autumn-internationals.co.uk

მთავარი ამბავი ლონდონში, “თუიქენემ სთედიუმზე”, 80369 ქომაგის თვალწინ დატრიალდა: რაგბის შემოდგომის ტესტების პირველი კვირის მთავარი თამაში ინგლისმა სამხრეთ აფრიკას დიდი გაჭირვებით, 12:11 მოუგო. მასპინძლებს ლელოს დადება არ ეწერათ. პირიქით, 33-ე წუთზე სბუ ნქოზის დადებული ლელო ერთადერთი გამოდგა თამაშში, რომელმაც “ქურციკებს” პირველი ტაიმის 8:6 მოგების საშუალება მისცა. ჯაჯგური მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და საბურთაო სახეობათა მამებმა მხოლოდ ოუენ ფარელის ჯარიმებით მოახერხეს ფონს გასვლა.

იაპონიაახალი ზელანდიის 31:69-ზე გუშინვე დავწერეთ, ხოლო უელსიშოტლანდიის 21:10-ს აქ ვუძღვნით ორიოდ სიტყვას. კარდიფის “პრინსიპალიტი” 63188 მაყურებლით იყო სავსე და ბოლოც მასპინძლებს დარჩათ. პირველ ტაიმში თითო ლელოს გაცვლის შემდგომ უელსელებმა მეორე ნახევარი ყოჩაღად დაიწყეს და ჯონათან დევისის 48-ე წუთზე დამიწებული ლი ჰაფპენიმ რომ გარდასახა, საბოლოო ანგარიშიც თურმე ეს იყო, შოტლანდიელთა მიძალებას დაცვით ნაქებმა უელსმა ბოლომდე გაუძლო.

უელმა თავისი გაიტანა. ფოტო: www.autumn-internationals.co.uk

და ბოლოს, და რაც მთავარია: რატომღაც (ალბათ ბიზნეს-მოსაზრებებით) შორეულ ჩიკაგოში, ამერიკული ფეხბურთის მოედან “სოლჯერ ფილდზე” გამართულ თამაშში ირლანდიამ იტალია დიდად გაამწარა (54:7). მიქელე კამპანაროს ლელოს პასუხად კელტებმა რვაგზის შეათრიეს ნესვა ბურთი მეორე ტაიმში სრულიად დემორალიზებული აპენინელების ჩათვლის მოედანზე და შვიდჯერ გარდასახეს. კარგია თუ ცუდი ეს ამბავი მომავალი კვირის იტალია – საქართველოს თვალსაზრისით? უფრო ალბათ ცუდი – აპენინელები ჩვენებს ფლორენციაში არამხოლოდ მოტივირებულნი, არამედ დამცირებით გაცოფებულნი დახვდებიან.

წილი
წინა სტატიაგანრიგი რეალის გულშემატკივართათვის
შემდეგი სტატიაერთი, პოდლის ბლოკნოტი ჩამაგდებინა ხელში
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია