„ბაიერნმა” „ფრაიბურგთან” უსახური ფეხბურთი ითამაშა, შინ ფრეზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა და ახლა, ლიდერ „დორტმუნდს”, რომელმაც ვოლფსბურგში 1:0 მოიგო, 4 ქულით ჩამორჩება.

„ფრაიბურგს” მიუნხენში ქულა 1997 წლის მაისის შემდეგ არ მოუპოვებია. ეს ამბავი კი გულშემატკივრის მეხსიერებას ასე ცხადად იმიტომ შემორჩა, რომ 21 წლის წინ, როდესაც „რეკორდმაისტერის” იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ იურგენ კლინსმანი შეცვალა, თავდამსხმელი ისე განრისხდა, რომ სანამ თვალს მოეფარებოდა ყველაფერს, რაც გზად შეხვდა წიხლი ურტყა და ტრაპატონისაც რაღაც მიაძახა.

გოლები თამაშის მიწურულს გავიდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: სერჟ გნაბრიმ ბავარიელთა შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი მე-80 წუთზე შეაგდო, მაგრამ 89-ზე ლუკას ჰიოლერმა თანაგუნდელებს კარგი თამაში დაუფასა და ანგარიში გაქვითა.

მატჩის შემდეგ ტელეკომპანია „სქაისთვის” მიცემულ ინტერვიუში „რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა თქვა: „უკვე მეხუთე თამაშია, რაც ჩაწოდებიდან გოლს ვუშვებთ. ამჯერადაც დავისაჯეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ შანსები ქარს არ უნდა გავატანოთ. „ბაიერნი” ხარ, შინ 1:0-ს იგებ, ესე იგი ვალდებული ხარ მოიგო”.

„ბაიერნის” კაპიტანი მანუელ ნოიერი: „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოლო კვირებში კარგ ფორმაში ვერ ვართ. ამის მიუხედავად ჩვენს თამაშს ახასიათებს თანმიმდევრულობა და ეს კარგად გამოგვდის. თუმცა, რასაკვირველია ისმის კითხვა: რატომ ვერ მიგვყავს საქმე ბოლომდე. შეცდომები ფეხბურთში გასაკვირი არ არის, ნორმალურია, მაგრამ ასეთ თამაშებში ქულები არ უნდა იკარგებოდეს”.

ბავარიელთა სპორტულ დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს კი მწვრთნელის შეცვლაზე ჩამოუგეს სიტყვა.

„გთხოვთ, ასეთ სულელურ კითხვებს ნუ სვამთ”, — უპასუხა სალიჰამიჯიჩმა, გეგონება კლუბები ცუდი შედეგების ან უხარისხო თამაშების გამო მწვრთნელებს არ ხსნიდნენ.