ევროპის სუპერლიგის ამოქმედება და ჩემპიონთა ლიგის აღსასრული ასე ახლოს და ასე რეალური არასდროს ყოფილა. ლაპარაკია 16 გუნდიან შეჯიბრებაზე, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით 2021 წლიდან შეისხამს ხორცს.
„ვიკილიკსის” საფეხბურთო ანალოგის „ფუტბოლლიკსის” თანახმად სუპერლიგას ჰყავს 11 დამფუძნებელი: „რეალი”, „ბარსელონა”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ბაიერნი”, „იუვენტუსი”, „ჩელსი”, „არსენალი”, „პარი სენ ჟერმენი”, „მანჩესტერ სიტი”, „ლივერპული” და „მილანი”.
მათ გარდა შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის მზად არის კიდევ ხუთი კლუბი: „ატლეტიკო”, „დორტმუნდი”, „მარსელი”, „ინტერი” და „რომა”.
ჩამოთვლილმა თექვსმეტმა კლუბმა უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ისინი ტოვებენ უეფას ჩემპიონთა ლიგას და იწყებენ მონაწილეობას ახალ შეჯიბრებაში.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სუპერლიგის ამოქმედება ევროპაში საფეხბურთო ლანდშაფტს სამარადჟამოდ შეცვლის.
ჩანაფიქრის თანახმად შეჯიბრება ორი ნაწილისგან იქნება შედგენილი. პირველი, წინასწარი ფაზა გულისხმობს გუნდების ჯგუფებად დაყოფას, მეორე კი პლეი-ოფის რაუნდს.
პროექტის მიხედვით სუპერლიგას ექნება მეორე დივიზიონიც, რომლის გამარჯვებული(ები) მომდევნო სეზონში მთავარ დივიზიონში ითამაშებს(ებენ).
აშკარაა, რომ ახალი შეჯიბრება ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ეკონომიკურ ბალანსსაც დაარღვევს. განსაკუთრებით დაზარალდებიან ეროვნული ლიგები.
სუპერლიგის კლუბები იმდენ ფულს იშოვნიან, რომ თავიანთ ქვეყნებში დანარჩენ კლუბებთან შედარებით მათი ფინანსური უპირატესობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის.
ფაქტობრივად, მათ ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილეობას აზრი აღარ ექნება.
ევროპული გაზეთები წერენ, რომ თუ უეფა დროულ რეაგირებას არ მოახდენს, ბრძოლას წააგებს, რადგან სუპერლიგის მესვეური გრანდები უკვე მზად არიან ყველაფრისთვის. „ფუტბოლლიკსის” ინფორმაციით უეფა ამ ეტაპზე ცდილობს მაგალითად „მანჩესტერ სიტისა” და „პარი სენ ჟერმენს” დაუწესოს ფინანსური ფეარ ფლეის ვალდებულება, რათა წლის განმავლობაში მათაც მეტ-ნაკლებად იმდენი ფული ხარჯონ, რამდენსაც შედარებით ღარიბი კლუბები ხარჯავენ. ხსენებული ორი გიგანტი კი ცდილობს ამ შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად ათასი ხერხი მოიფიქროს.
სუპერლიგის კლუბები ავტომატურად გავლენ უეფადან.