მსოფლიო რაგბში დღეს შემოდგომა დადგა ანუ შემოდგომის ტესტები დაიწყო და სანახაობრივად მდიდარ პირველ თამაშში იაპონიამ ღირსეული 31:69 დასვა ახალ ზელანდიასთან, მე კი თავიდან წამიერად რატომღაც ფეხბურთზე ვიფიქრე: ფიფამ რომ ერთა ლიგა მოიფიქრა, დაგვიანებული, მაგრამ კარგი ამბავი გამოდგა ამხანაგური თამაშების მთქნარებასთან საომრად. აქამდე სად იყო?

რაგბში კი მთქნარება გამორიცხულია, სიტყვა “ამხანაგურს” იქ არ იცნობენ. ამხანაგური? ჰმ! შემოდგომის ტესტებს, სახელის მიუხედავად, ამხანაგობასთან საერთო არაფერი აქვს მეგობრებო, იქნებ მსოფლიო თასზე და ექვს ერზეც არ მოიკლან თავი პლანეტის რჩეულმა ნაკრებებმა ისე მონდომებით, როგორც დღეიდან, როცა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს შორის, გრინვიჩის მერიდიანის გაღმა-გამოღმა დიდი მიმოსვლები გაჩაღდება და ჩვენც, ქართველებიც, ზომიერ-მოკრძალებულად, მაგრამ ამ ელიტარულ სარაგბო კალენდარში ვწერივართ.

რაც შემოდგომის ტესტებზე 10 ნოემბრის ერთი რიგითი მატჩია, ჩვენთვის, მოტივირებული კავკასიელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამბად არის ქცეული. არა იმიტომ, რომ ამ თამაშის მოგება სადღაც დიდ მწვერვალებზე გაგვიყვანს და ქართული რაგბის მატიანეში ოქროს თუ რომელიმე სხვა ძვირფასი ლითონის ასოებით ჩაიწერება, არამედ – ნიშნის მოსაგებად.

ფლორენციაში, არტემიო ფრანკის მოკრძალებულ სტადიონზე შეფიქრიანებული იტალიის ნაკრები გველის, რომელსაც ერთი ხანია ქუსლებზე ვაბიჯებთ და ექვსი ერის ელიტარული პირველობიდან გაპანღურებას ვუპირებთ. თუ მოვიგებთ – ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სარაგბო ზვიგენებს ღრმად ჩავაფიქრებთ და იქნებ მათი გაყინული აზრიც გალღვეს და იქ მიგვიღონ, სადაც ყოფნა ერთი ხანია დავიმსახურეთ – თუნდაც მეშვიდე ნაკრებად. წაგება კი, ბარე ორი წლით, ახალ ნიშნეულ გამარჯვებებამდე, ისევ ევრორაგბის პერიფერიაზე გადაგვსტყორცნის და კვლავ ეროვნებათა თასის ამარა დაგვტოვებს, სადაც თამაში მოთამაშიან-ქომაგიანად ყველას ყელში ამოგვივიდა.

10 ნოემბერს არ არსებობს ღირსეული წაგება, დომირება ერთ ან რამდენიმე სათამაშო კომპონენტში და მისთანები – მოგება შეგვიძლია, უნდა მოვიგოთ!

სხვაფრივ კი კეთილი თქვენი ფეხი შემოდგომის ტესტებზე: იაპონიამ და “ოლ ბლექსმა” გახსნეს, “ბარბაროსები” და არგენტინა კი პირველ დეკემბერს დახურავენ.

გაგვიხარნია? კიდევ გავიხარებთ!
წილი
წინა სტატიარა არის სუპერლიგა?
შემდეგი სტატიაბაიერნის ფრემ ხალხს კლინსმანის სიგიჟე გაახსენა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია