უეფას წინააღმდეგ ჩივილს დიდი გამბედაობა სჭირდება — სწორედ ამით იმუქრება „მანჩესტერ სიტი”, რომელმაც შეიტყო, რომ ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევისთვის შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ.
ფეხბურთის უმაღლესი ეშელონებიდან გამოსული ხმების თანახმად თვით ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ შეაწია „ქალაქელებს” ხმა. ის უეფაში ბოლო ვიზიტის დროს არაფორმალურად დალაპარაკებია ვისაც ჯერ არს, „მანჩესტერ სიტის” მარწუხებს ასე ძალიან ნუ მოუჭერთო.
ევროპელი ჰაკერები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის ეუფას კომპიუტერებში დაძვრებიან, ამბობენ, რომ ფინანსური ანგარიშსწორების დროს ინგლისის ჩემპიონმა უეფას გამომძიებლებს 30,77 მილიონი გირვანქა დაუმალა. თავის მხრივ „სიტი” იმუქრება, თუ საკითხი კულუარული მოლაპარაკების გზით არ მოგვარდება, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და სასამართლოს ერთ დარბაზსაც არ დავტოვებ მოუვლელსო.
არის გამომზეურებული მეილი, რომელიც სავარაუდოდ „სიტის” ადვოკატს ეკუთვნის და სადაც ის წერს, რომ კლუბის მეპატრონე ხალდუნ ალ მუბარაქი უეფას მხრიდან ფინანსურ ჯარიმას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. მეილში წერია:
„ხალდუნი უმალ 30 მილიონს გაიმეტებს და მსოფლიოს 50 საუკეთესო ვექილს დაიქირავებს, ვიდრე ჯარიმას გადაიხდის. იგი მზად არის შემდეგი 10 წელიწადი სასამართლოებში გაატაროს”.
კონფლიქტის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ „მანჩესტერ სიტი” უეფას ფინანსური ფეარ ფლეის კანონების დარღვევაში ამხილეს: 2011-12 და 2012-13 წლების სეზონებში კლუბს 149 მილიონი გირვანქის დანაკარგი ჰქონია. არადა, უეფას წეს-კანონთა თანახმად თუკი კლუბს ორ სეზონში 37 მილიონზე დიდი დეფიციტი აქვს, მას ჩემპიონთა ლიგიდან აგებენ.
2014 წელს „სიტი” დააჯარიმეს. კლუბმა ჯარიმა აღიარა. ის 49 მილიონის ტოლი იყო, მაგრამ შემდეგ 33,4 მილიონ გირვანქამდე შემცირდა.
უეფადან გამოვიდა ხმა, რომ ჯანი ინფანტინო მხოლოდ „მანჩესტერ სიტის” გადარჩენას კი არ ცდილობს, „პარი სენ ჟერმენის” საკითხითაც ძალიან შეშფოთებულია და რამენაირად მდგომარეობის განმუხტვას ცდილობს. მას პირადად ხალდუნთანაც ჰქონია ფარული მიმოწერა. ასეთივე პრობლემების გადაწყვეტით ყოფილა ადრე დაკავებული უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინიც.
ჰაკერების მტკიცებით PricewaterhouseCoopers-ის აუდიტორებმა აღმოაჩინეს, რომ „მანჩესტერ სიტის” „სხვა კომერციული შემოსავლის” 84 პროცენტი აბუ-დაბელი პატრონების მიცემული ფულია და სხვა არაფერი.