საიდუმლო შეხვედრიდან გამოსულები

„ფუტბოლლიკსის” („ვიკილიკსის” საფეხბურთო ანალოგიაა) ცნობა იმის შესახებ, რომ ევროპის წამყვანი კლუბები „სუპერლიგის” შექმნას აპირებენ და უნდათ ამ შეჯიბრებით დღევანდელი ევროთასები (და შესაძლოა ეროვნული ჩემპიონატებიც) ჩაანაცვლონ, მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. ინგლისურ „მირორში” გამოქვეყნდა წერილი, სადაც აქცენტი „ბაიერნზე” იყო გაკეთებული. სტატიის სათაური გახლდათ: „ბაიერნი ბუნდესლიგიდან გასვლის ნიადაგს სინჯავს”.

„რეკორდმაისტერმა” თავი მოვალედ ჩათვალა ამ ინფორმაციისთვის ოფიციალური პასუხი გაეცა და კლუბის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში წერია:

„საფეხბურთო კლუბი „ბაიერნი” რჩება ბუნდესლიგის წევრობის ერთგული. სანამ მე კლუბის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ვარ, ის ერთგული იქნება აგრეთვე იმ საკლუბო შეჯიბრებების, რომლებსაც ერთად ატარებს უეფა და ევროპის კლუბთა ასოციაცია”.

„ბაიერნი” აცხადებს, რომ მან არც კი იციდა თუ ვინმე ევროპული „სუპერლიგის” შექმნას ცდილობდა და მითუმეტეს მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია.

„მირორის” მსგავსად „სუპერლიგის” თემას შეეხო გერმანული „შპიგელიც”. მან იმ კლუბების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ახალ წამოწყებაში მონაწილეობენ და ფარულ მოლაპარაკებებს ეწევიან.

„ბაირნმა” განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რატომ მოხვდა „შპიგელის” მიერ გამოქვეყნებულ სიაში.

ამასობაში „სანმა” ცეცხლს ინგლისური ნავთი დაამატა და ექსკლუზიურად გამოაცხადა, რომ მისთვის ცნობილი გახდა პრემიერლიგის იმ კლუბების ვინაობა რომელიც 11 დამფუძნებელი კლუბისგან (სულ „სუპერლიგაში” 16 გუნდი მოიაზრება) შემდგარი კარტელის წევრია და 2021 წლიდან თავიანთ შეჯიბრებაში აპირებს გადაბარგებას. ეს კლუბები ყოფილა: „მანჩესტერ სიტი”, „ლივერპული”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „არსენალი” და „ჩელსი”.