ექვსი ტურიც და ეროვნული ლიგის მორიგი სეზონიც დამთავრდება. მეორე წელიწადია ჩვენი ჩემპიონატი ახალი სისტემით ტარდება (გაზაფხული – შემოდგომა, 10 გუნდი, 4 წრე) და შეიძლება ითქვას, რომ ამართლებს. მთავარი დადებითი ამბავი, ცხადია, გუნდების შემცირებაა. 16-გუნდა ტურნირი საქართველოსთვის ნამდვილად ზედმეტი იყო, მაგრამ თამაშის, ფეხბურთის დონე?!

ტორპედომ დინამო თბილისში ააყირავა…                                   ბადრი კეთილაძის ფოტო

ერთი თვეც და ახალი ჩემპიონის ვინაობასაც შევიტყობთ. რეალური კანდიდატი ორია: „საბურთალო“ და „დინამო.“

დღემდე ქართულ ფეხბურთს  8 ჩემპიონი ჰყოლია: „დინამო,“ „ტორპედო,“ „ვიტ ჯორჯია,“ „სიონი,“ „მეტალურგი,“ „ზესტაფონი,“ „დილა“ და „სამტრედია.“

დიდი შანსია, წლეულს ამ ჩამონათვალს მეცხრე გუნდიც – „საბურთალო,“ დაემატოს.

რატომ?

გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა, ძალიან სიმპათიურმა საბურთალოელებმა წინა სამივე წრე მოიგეს და ეს დამაჯერებლად გააკეთეს. ჩემპიონატის დაწყებიდან ლიდერობენ. მხოლოდ მერვე ტურში გაუსწრო „დინამომ“ და ისიც ბურთების უკეთესი სხვაობით. საბურთალოელებს თამაშიც დალაგებული ჰქონდათ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს. სექტემბრის შუაში კი მიჯრით ჯერ „დინამოსთან“ წააგეს, შემდეგ „ტორპედოსთან,“ ქომაგები ცოტა ანერვიულეს, მაგრამ მალევე მოეგნენ გონს და დღეს უშუალო მდევარს ხუთი ქულით უსწრებენ. სწორად მუშაობენ და თავად თუ არ წააგეს საკუთარ თავთან, მათი დამწევი არც „დინამო“ ჩანს, მით უმეტეს არც სხვა.

კიდევ, რატომ მგონია, რომ „საბურთალო“ გახდება ჩემპიონი?

„დინამოს“ რეალური შანსი ჰქონდა ლიდერს დაწეოდა. გუშინწინ „ტორპედოსთვის“ რომ მოეგო. მაშინ სხვაობა ორ ქულამდე შემცირდებოდა, მაგრამ მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რამ: „დინამომ“ პირწმინდად წააგო „ტორპედოსთან.“ და ეს მხოლოდ მარცხი არ იყო. ასეთი უსუსური „დინამო“ კარგა ხანია აღარ გვინახავს.

ტორპედომ დინამო თორნიკე კაპანაძის ამ გოლით დაამარცხა                         ბადრი კეთილაძის ფოტო

წლეულს ივლისში, „დინამომ“ შინ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“  წააგო ევროპა ლიგის შესარჩევ მატჩში. იგებდნენ და ისეთი ბავშვური შეცდომები დაუშვეს… არადა, ვის გაამტყუნებ, მწვრთნელ კაჭრავას თუ უწვერულ ყმაწვილებს, რომლებმაც ბოლომდე გულით იბრძოლეს იმ საღამოს.

სტადიონიდან მომავალს გარშემო ბევრი გაბრაზებული და იმედგაცრუებული ადამიანი მხვდებოდა. „დინამოსგან“ მარტო სახელი დარჩა და საშველიც არ ჩანსო, ჩაილაპარაკა ერთმა. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რასაც გულისხმობდა. ბოლო წლებია დინამოელთა ხელმძღვანელობამ ტაქტიკა შეცვალა, ყიდის და ყიდის ჯერ კიდევ დაუღვინებელ ფეხბურთელებს, სანაცვლოდ კი ლამის ბავშვებს ათამაშებს ძირითადში.

გასაგებია, რომ ბიზნესია და ბიზნესს თავისი წესები აქვს. ბატონ ფიფიას მიმართაც, ზოგადად, კარგის მეტი აბა, რა გვეთქმის, ამ გაჭირვების ჟამს ქართულ ფეხბურთს მეოხად უდგას, მარტო „დინამოს“ შესანიშნავი აკადემიის დაარსება რად ღირს. საშვილიშვილო საქმე გააკეთა. მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ „დინამო“ უბრალო გუნდი არ არის, ის განსაკუთრებული ფასეულობაა ქართულ სინამდვილეში და არა მარტო საფეხბურთო სინამდვილეში.

ასეთი მიდგომით კი, სადამდე მივა „დინამო“, თუ უკვე მისული არაა, ძნელი სათქმელია.

„ტორპედომ“ კი კიდევ ერთხელ გაგვაოცა. ისეთი მწყობრი, გამართული ფეხბურთი ითამაშა, თვალს არ ვუჯერებდი. ვუცქერდი და ქართული გუნდი არ მეგონა. ასეთი პრესინგი ორი ტაიმის განმავლობაში, დაცვიდან ბურთის სწრაფად ამოტანა. ერთი შეხებით პასები და „დინამოსთვის“ ლამის სამი წუთით „დამალული“ ბურთი… შედეგად 15 მატჩიანი წაუგებელი სერია.

ეგ არის, ჩვენი ჩემპიონატი სისწრაფეებით ვერ დაიკვეხნის და ევროპის საშუალო გუნდებთანაც კი, ასეთი მომზადება არ კმარა.

3 ნოემბერს საბურთალოს რუსთავთან ეროვნულ ჩემპიონატში მე-300 გოლის გატანა შეუძლია