ყველა დროის ერთერთ საუკეთესო იტალიელ თავდამსხმელ ჯანლუკა ვიალის ჩვენი კოლეგები ესტუმრნენ და მისი დროისა და ახლლანდელი „იუვენტუსის“ შედარება სთხოვეს რაზეც, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი პასუხი მიიღეს:

„მარტივად ვიტყვი. 1996 წელს იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მოგება კი დაიმსახურა, მაგრამ სხვა ყველაფრით დღევანდელი იუვენტუსი მაშინდელზე ძლიერია“, – თქვა ვიალიმ, ვინც იმ გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახლდათ, სადაც ალესანდრო დელ პიერო, ანტონიო კონტე, პაოლო სოუზა, ჩირო ფერარა, დიდიე დეშამი, ფაბრიციო რავანელი და სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ.

ამათმა გუნდმა 1996 წელს ლიგის ფინალში „აიაქსი“ მატჩისშემდგომი პენალტებით დაამარცხა და ისტორიაში მეორედ დაეუფლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჯილდოს.
ვიალი აგრძელებს:

„მაშინ ჩვენც ვარსკვლავური გუნდი გვყავდა, უდიდესი მარჩელო ლიპის ხელმძღვანელობით, მაგრამ ჩვენ არ გვყავდა ის, მთავარი, ვინც დღევანდელ „იუვენტუსს“ ჰყავს – კრიშტიანუ რონალდუ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. აი, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი იუვენტუსი 22 წლის წინანდელზე მაგარი გუნდი. მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სხვა გუნდში თამაშობდა“.

1996 წლის შემდეგ იუვე ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. გუნდი ფინალში რამდენჯერმე გავიდა, მათ შორის დღევანდელი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის თავკაცობითაც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ტურინელები ფინალში დიდი ანგარიშითაც დამარცხებულან და ამ „დიდ ანგარიშში“ თავისი წვლილი კრიშტიანუ რონალდოსაც შეუტანია.

„ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. რონალდუს შეძენა იუვენტუსისთვის მოვლენა გახლდათ. ჩვეულად, სხვა გუნდში ადაპტაციას დრო სჭირდება, თუმც ნახეთ კრიშტიანუ ახლა როგორ თამაშობს. მეტოქის მცველები მასაზე არიან გადართულები. ის კი პარტნიორებს სივრცეებს უთავისუფლებს. სულ რომ არაფერი აკეთოს, მეტოქისთვის მოედანზე მისი ყოფნა მაინც დამაბნეველია“, – რონალდუს ოსტატობით მოხიბლული საუბრობს ჯანლუკა ვიალი, რომელიც ამატებს, რომ:

„სადღეისოდ „იუვენტუსი“ ევროპაშიც საუკეთესო გუნდია. თქვენ უყურებთ ტურინელთა სათადარიგოთა სკამს და განცვიფრებული კითხულობთ, ნუთუ ამ ფეხბურთელების ადგილი შემცვლელთა შორისაა?! დიახ, მასიმილიანო ალეგრის დღეს ორი გუნდის გამოყვანა შეუძლია, რაც მმატებს რწმენას, რომ ლიგას ამ სეზონში სწორედ ტურინის იუვენტუსი მოიგებს“.
დაეჯერება ვიალის…