კენ ნორტონის გამო ბევრის დაწერა შეიძლება. მისი საკრივო თავგადასავალი მრავალფეროვანი და ღირსეულია. მაგრამ ამ ჯერზე უშველებელი ფურცლის შედგენა არ გამოვა. ისევ ისა სჯობს, რამდენიმე ეპიზოდი წარმოვადგინოთ მისი საკრივო და რინგსგარეთა ცხოვრებიდან და მის ნაფიქრსაც მივუგდოთ ყური. კენ ნორტონი გასახსენებელი ვინმეა…

ცხოვრება

გავიხსენოთ, მაშ აბა რა? არ შეიძლება არ გავიხსენოთ. კენ ნორტონი ხომ ის კაცია, მძიმე წონის ოქროს ხანაში, მუჰამედ ალის, ჯო ფრეზერის და ჯორჯ ფორმენის დიად ეპოქაში მოღვაწეობდა. ამბობდნენ კიდეც, ნორტონი რომ ვერაგული ხერხით არ ჩამოეშორებინათ საჩემპიონო ბრძოლისთვის, ვინ იცის, როგორ შეიცვლებოდა ისტორიაო.

კენ ნორტონი ხომ ის კაცი გახლავთ, მუჰამედ ალის ყბა რომ გაუტეხა. აბა, არის მსოფლიოში მეორე ასეთი კაცი? მაგრამ ეს ყველაფერი წარსულშია. დიდი ოთხეულის წევრებს თავთავიანთი გზა უნახვთ – „სმოქინ“ ჯო ფრეზერი ისე გაკადნიერებულა, რომ წიგნებსაც კი წერს და ქრისტე ღმერთის რაობაზე მსჯელობს. მუჰამედ ალის პარკინსონი სტანჯავს, ჯორჯ ფორმენი კი კვლავ რინგზეა.

კენ ნორტონმაც, ამ დიდი ოთხეულის უსაქმოდ დარჩენილმა კაცმაც, მონახა თავისი გზა ცხოვრებაში, მცირე ბიზნესს მისდია, ცოტა მოიგო, არცთუ ნაკლები წააგო და ამასობაში ორმოცდათხუთმეტი წლისაც შესრულდა.

რინგს 1981 წელს გამოეთხოვა, ხუთი წლის შემდეგ კი იმქვეყნად წასული, ექიმებმა დააბრუნეს. უმძიმესი ავტოკატასტროფის შემდეგ კენ ნორტონს ძვალი აღარ ჰქონდა მთელი, მის სისხლში კი შუშისა და რკინის ნამტვრევები მოხვედრილიყო. დოსტაქრები ამბობდნენ, თუ გადარჩება, მხოლოდ ლოგინზე დასვენებული იცოცხლებსო. გადარჩა, დადის და ლაპარაკობს, მაგრამ წელიწადზე მეტხანს არ ახსოვდა ვინ იყო, რას საქმიანობდა და რატომ მოხვდა საავადმყოფოში.

„მნახველები მოდიოდნენ, სასთუმალთან ჩამომისხდებოდნენ და მელაპარაკებოდნენ. ერთი სააათიც რომ ელაპარაკათ და მერე ერთი წუთით პალატიდან გასულიყვნენ, შემობრუნებულებს ვეღარ ვცნობდი“, – ჰყვება ნორტონი.

უჭირდა, აბა არ უჭირდა?

მთელი თავისი ზღაპრული ჯან-ღონით ერთსა ცდილობდა – როგორმე თითები აემოძრავებინა. ენა ებმოდა, რასაც ზოგიერთი იმას აბრალებდა, კრივს რომ კარგახანს შემორჩა. რა თქმა უნდა, ეს სისულელე იყო. ყოველ შემთხვვაში, თავად ასე მიაჩნდა და მიაჩნია, საერთოდ, არ უყვარს იმ ავტოშეჯახებაზე ლაპარაკი, ღმერთმა სიცოცხლე მაჩუქა, ჯანი დამიბრუნა და ახლა ხომ არ დავიწყებ რაღაცეების მოყოლასო. ასეთი კაცია, არცთუ დარდიანი და ასეთები ხომ ყველაფერს გაუძლებენ ხოლმე?

კენ ნორტონს მოსაგონებლად ისა აქვს, რომ მოკრივე იყო. კრივი მთელი არსებით, შიგან-ჯიგრით უყვარს და ესმის, ახლა ხელის გაქნევა აღარც შეუძლია და არც უნდა, მაგრამ თავისი წარსულის გამო სიხარულით კი ჰყვება.

კენი არ არის ერთი რომელიმე უტვინო მოკრივე, ის კაცი გახლავთ, ძალიან დიდი ჯანი და მოქნილი ტანი რომ ჰქონდა.

“კრივი ყოველთვის მომწონდა. ბევრი კარგი ხალხი გამაცნო, გზაც მშვენიერი განვლე. ნაწყენი და ნატკენი არასოდეს ვყოფილვარ. ეგ არის, მეტი შემეძლო, მაგრამ ამ საქმეს, ჩემს ხელობას არცთუ სერიოზულად ვუდგებოდი. ჯიგარი და ცეცხლი მქონდა, სერიოზულობა კი არანაირი. მწვრთნელებს ნაკლებად ვუსმენდი. გამონაკლისი ედი ფანჩი იყო. მისი მერიდებოდა, ბიძაკაცი იყო. ბილ სლეიტონი კი ჩემი ძმაკაცი გახლდა აბა, იმას რას მოვუსმენდი?” – ასე აღწერს თავს კრივს ნორტონი.

არადა, ეს იყო საოცარი ჯანისა და აგებულების მოკრივე. იმ ავტოკატასტროფასაც ამითაც გადაურჩა, რომ ნაღდი, წაუხდენელი სპორტული სხეული და ორგანზმი ჰქონდა.

…მერე კი ცხოვრობდა მშვიდად, ერთხანს კრივის დარბაზიც ჰქონდა. სამხრეთ კალიფორნიაში, რაც ცოლმა ჯეკიმ უყიდა, ხანაც ემჯიემ გრადში მსახურობდა საკრივო სექტორში. ახლა კი რესტორნები გაუხსნია ლას ვეგასში და ირვინში. კაცია და ცხოვრობს, დაგროვილი ფული ქარს არ გაატანა…

მაგრამ მთავარი მის ცხოვრებაში მაინც კრივია, კრივი და სამი შეხვედრა მუჰამედ ალისთან, რაც დღესაც, ერთ ვიდეოკასეტაზე ჩაწერილი, საკრივო კლასიკად რჩება.

ალი ფრეზერის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც სამ ბრძოლაში ოცდაცხრამეტი რაუნდი გაატარა ალის პირისპირ, კენ ნორტონმა ადგილი დაიმკვიდრა კრივის ისტორიაში. სამყაროს ალბათ, საუკეთესო მძიმეწონოსანის წინააღმდეგ გამოსვლებში ნორტონმა მოიგო პირველი ბრძოლა და წააგო შემდეგი ორი, თუმცა ამ ბოლო ორის შედეგები დღემდე სადაოდ რჩება. ნაღდი კი ის არის, რომ ალის არავისთან გასჭირვებია ასე.

თავი დავანებოთ იმას, რომ 1973 წელს მათ პირველ შეყრაში ნორტონმა ყბა გაუტეხა ალის. ეს სულაც არ არის მთავარი, მთავარი, ამ შერკინებათა განსაკურთებული, უმაღლესი კლასია.

თუმცა, თავად ნორტონს მოვუსმინოთ:

„მე ყოველთვის მომწონდა ალი, ჩვენი პირველი ბრძოლის შემდეგ მე ვუთხარი, რომ მინდა მეგობრებად დავრჩეთ. სახუმარო ის იყო, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და სამეგობროდ კი გავექაჩე. თუმცა, როცა რინგზე გამორჩეულ კაცთან ერთად დგახარ, გგონია, რომ ყოველთვის იცნობდი. ალი კარგი ბიჭი იყო. ის ახლაც კარგი კაცია.

რაც შეეხება ბრძოლას, მე არ მეშინოდა ამ კაცის და ვერცერთხელ ვერ მაჯობა თავისი ტაქტიკით. ჩხუბის დროს ლაპარაკი უყვარდა. საზიზღრობებს გვეუბნებოდა ხოლმე, ცდილობდა გაეგიჟებინე, გაგიჟებული კაცი კი განსჯის უნარს კარგავს. მე მშვიდი კაცი ვარ, ჩვენი შეხვედრები ჭადრაკის პარტიებს ჰგავდა, მან ვერ მოახერხა ჩემი მწყობრიდან გამოყვანა ისე, როგორც ეს ჯო ფრეზერს გაუკეთა. დაიწყო რაღაცეების ჩალიჩი, მაგრამ არ გაუვიდა. მის სიტყვებზე მეცინებოდა.

მაგრამ ალისთან ბრძოლა მხოლოდ ეს არ იყო. ჩუმი გინება არ იყო ალის მთავარი იარაღი. ის სოცარი მოკრივე გახლდათ. ბრძოლის ტემპის რეგულირება მასთან ჭიდილისას შეუძლებელი იყო. შენ რომ რიტმში ჩაჯდებოდი, იმ წამსვე შეგიცვლიდა და დაბნეულს თავ-პირს დაგისიებდა. მაშინაც კი, როცა გეგონა, რომ მოერიე, დარტყმას ახერხებდა”.

ალისგან განსხვავებით, ნორტონი არასოდეს შეხვედრია ჯო ფრეზერს. ვარჯიშობა კი ერთხანს ერთად მოუხდათ. როცა ნორტონი პროფესიონალი შეიქნა და ედი ფაჩის ხელქვეით დაიწყო ვარჯიში, მაშინ ფრეზერიც ფაჩის მოკრივე იყო. კენს და ჯოს ხშირად უშვებდნენ რინგზე, რათა ცხელი სპარინგი გაეწიათ. ყველაზე შთამბეჭდავი დარტყმა ნორტონისთვის ფრეზერის განთქმული ცაცია ჰუკი ყოფილა. ასეთ ჰუკს მხოლოდ ფილადელფიელი თუ მოახერხებდაო, დღესაც სწამს კენს.

„ჯოსგან ბევრი რამ ვისწავლე“, – ჰყვება ის – „უნდა გესწავლა, ისე რა გამოვიდოდა? ჯოს რიტმის კარგი გრძნობაც ჰქონდა. თუმცა, ამ საქმეში ალი სჯობდა და საერთოდ, ალის წინასწარ შეეძლო ბევრი რამის ამოცნობა. ჯო რომ თავისი ცაცია ჰუკის დარტყმას გადაწყვეტდა, წინდაწინ ჩვეულ მოძრაობებს აკეთებდა. ჰუკს, უფრო ხშირად, მარჯვენა აპერკოტი უსწრებდა, მხოლოდ ორიოდე კაცს შეეძლო ამის დამახსოვრება. მე და ალი ამათ შორის ვიყავით. თუმცა, ჯოს ეგრეც ვერ შევხვდი რინგზე…”

კრივი და ბურთაობა

ის ყოველთვის ათლეტი იყო, ბავშვობიდან ასე იყო აგებული.

ილინოისში, ჯექსონვილში დაიბადა და გაიზარდა და ამერიკული ბურთაობის საუცხოო მოთამაშე იყო მოწაფეობის დროს, კოლჯეშიც ორ წელიწადს მისდია ამ თამაშს, მერე კი საზღვაო ფეხოსანთა ლაშქარში ჩაეწერა და კრივსაც იქ მიჰყო ხელი.

მსოფლიო კრივის ისტორიაში სულ რამდენიმე კაცია ისეთი, ვისაც ასე გვიან დაუწყია კრივის შესწავლა და ამგვარი სიმაღლისთვის მიუღწევია. ჩვეულებრივ, ასეთები პატარა ქალაქების ფიცარნაგებს ვერა სცდებიან, კენი კი აღზევებულთა შორისაც გამონაკლისი იყო.

„სან დიეგოში ვიღაც ბიზნესმენები დამიკავშირდნენ და მითხრეს, პროფესიონალის ლიცენზიაზე შეიტანე განცხადება, ფულს ჩვენ გამოვდივართო“, – იხსენებს ნორტონი – „მე კი ჩემს მშობლიურ ჯექსონვილზე ვფიქრობდი. ჯექსონვილი კარგი ქალაქი იყო, იქ ბევრი ძმაკაცი მყავდა, შავიცა და თეთრიც. გული იქეთ მიმიწევდა. მაგრამ კარგად რომ წარმოვიდგინე, რა მომელოდა იქ… ნუ კარგი, კოლეჯს დავუბრუნდები. დავამთვარებ თუ ბედი გამიღიმებს, პოლიციელი გავხდები, ჯექსონვილი ძალიან კარგი ქალაქი იყო, მაგრამ ასე ცხოვრება მოსაწყენი მეჩვენებოდა, ამიტომ იმ სანდიეგოელებს დავეთანხმე და მოკრივე შევიქენი“.

ისევ კრივი და ბურთაობა

ათლეტურ ნორტონს შვილებიც ათლეტები გამოუვიდა. ამათ შორის კი ყველაზე სახელოვანი – კენ ნორტონ უმცროსი, რომელმაც ბურთაობას მთელი ჟინით მისდია ამერიკულ ბურთაობის, ჯერ სტუდენტური ლიგის ვარსკვლავი შეიქნა, მერე კი ეროვნული ლიგისა, სადაც, ჯერ დალასის გუნდში თამაშობდა, მერე სან ფრანცისკოში.

რა შეიტყვეს ჟურნალისტებმა, რომ სახელოვან მამას სახელოვანი შვილი გამოსვლია, გადაწყვიტეს მათი ამბავი ერთმანეთს ჩავაბათ და საგაზეთო ხმაური წამოვიწყოთო. დაიწყეს კიდეც ამის ჩალიჩი და მიადგნენ კენ ნორტონ უმცროსს, მოგვიყევი ერთი მამაშენის ამბებიო. იმან კი მიუგო, მამაჩემისა არაფერი ვიცი, ორი წელიწადია არ მინახავსო, ხოლო ბავშვობის გახსენებაზე უარი განაცხადა.

ოდნავ გაოცებულმა ჟურნალისტებმა ტეხასიდან კალიფორნიისკენ გასწიეს და მამა კენს მიადგნენ, შენ მოგვიყევი შენი შვილის ამბებიო, არაფერიც არ ვიციო, მიუგო კენმა, ორი წლის წინათ დალასს გაფრინდა, პროფესიონალი მობურთავე უნდა გავხდეო, მერე აღარ დაურეკია და აბა რა გითხრათო.

ჟურნალისტები გაოცდნენ, ეგ სადაური მამაშვილობააო, კენმა კი ჩვეული ღიმილით მიუგო:

„აბა რა გითხრათ? ტელევიზორში კი ჩანს ხოლმე, მაგრამ მღელვარებისგან ვერ ვუყურებ მის თამაშს. რეპორტაჟს რადიოთი ვისმენ, თვითონ კი იმ რადიოში არ ლაპარაკობს. კვირაში სამჯერ მესმის მისი სახელი და ვხვდები, რომ ცოცხალია და კარგადაა. მეტი რა ვქნა? ტელეფონის ნომერი არა მაქვს…”

ასე რომ, რეპორტაჟების სერია არ შედგა.

მერე კენ ნორტონ უმცროსი კალიფორნიაში გადმობარგდა და სან ფრანცისკოში დაიწყო თამაში. მამა და შვილი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა კენი კვლავ ვერ უცქერს თამაშებს, რადგან გული უსკდება. ერთხელ სტადიონზეც მისულა, მაგრამ ათ წუთში იქედან გამოქცეულა და მანქანაში მჯდომს უსმენია რადიორეპორტაჟისთვის.

აი, ასეთი ამბებია. ორ კენს იოლი მამაშვილობა არ ჰქონიათ, მაგრამ ტკბილი კი.

პატარა კენი ცამეტი თვისა იყო, როცა დედ-მამა გაშორდნენ და თერთმეტისა… როცა შერიგდნენ. ამის შემდეგ კენი კენს არ მოსცილებია.

„როცა მას შეხედავ, იტყვი, რომ მე ვარ, როცა მე შემომხედავ, იტყვი რომ ისაა“, – სიამაყით ამბობს მამა კენი.

ცოტაც

დღევანდელ კრივს კენ ნორტონი ალმაცერად უყურებს, დიდი საქმე, ეგეც რამეო, ამბობს. ერთი დიდი კაცი არ ჩანსო და მართალიცაა.

ვის ვის და მას კარგად მოეხსენება, თუ რა არის დიდი კაცების კრივი, ის ხომ დაუვიწყარი ოთხეულის ნაღდი წევრია და სტატისტიკური ჩანაწერი 42-7-1, რაც მისი საკრივო კარიერის შედეგს აღნიშნავს, ბევრს არაფერს მეტყველებს. ასეთი მაჩვენებელი და უკეთესიც, ბევრსა აქვს, მაგრამ იმ ბევრში ძალზე ცოტაა ისეთი, კენ ნორტონის დარად რომ ეკრივოს დიდ ეპოქაში. თან ეკრივოს ღირსეულად, ლამაზად და ნაღდის სპორტსმენიც ყოფილიყოს.

უფრო სწორად, ბევრში ცოტა კი არა, ათასში ოთხია: მუჰამედ ალი, ჯო ფრეზერი, ჯორჯ ფორმენი და ჩვენი ხალისიანი ძიაკაცი – კენ ნორტონი.

05.09.1998

 

წილი
წინა სტატიანოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე
შემდეგი სტატიავიალი ამბობს, ვიალის სჯერა…
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.