„ლონდონ სთედიუმზე”, რომელიც ყოფილი ოლიმპიური სტადიონი გახლავთ და საგანგებოდ 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ორ გულშემატკივარს წაუთაქეს. როგორც „სანში” ეწერა, ეს უტვინო იდიოტებმა გააკეთეს.
„კარაბაოს თასზე”, „ვესტ ჰემმა” „ტოტენჰემს” უმასპინძლა და 1:3 წააგო. სტადიონი „ვესტ ჰემის” სახლად ითვლება — მას ლონდონური კლუბი და მძლეოსნები ქირაობენ. ჰოდა, „სფურზის” ორი გულშემატკივარი შეცდომით „ჩაქუჩების” გულშემატკივართა სექტორში შევიდა და როდესაც მიხვდნენ, რომ სხვაგან მოხვდნენ და კიბით გასასვლელისკენ დაიძრნენ, ვიღაც „უტვინო იდიოტებმა” კი უკნიდან წაუთაქეს. სიტუაცია, რასაკვირველია დაიძაბა. ცოტაც დააკლდა და მასობრივ ჩხუბს გამოიწვევდა, მაგრამ სტიუარდებმა იყოჩაღეს და მხარეები დააშორიშორეს.
შემდეგ თამაში გახურდა და გამოჩნდა, რომ „ლონდონ სთედიუმზე” დაცვა და კონტროლი მართლაც გასაუმჯობესებელია, რადგან ორჯერ ვიღაც გადარეულები მოედანზე შევარდნენ.