დღეს „ელ კლასიკოა” — „კამპ ნოუზე” „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს. ეს გახლავთ ესპანეთის ორი უდიდესი კლუბის 272-ე დაპირისპირება, რომელიც აგრეთვე იმით არის საინტერესო, რომ 2007 წლის მერე პირველია, რომელშიც მონაწილეობას არც მესი მიიღბს და არც რონალდუ.

თამაშის დაწყებამდე საათებია დარჩენილი. მოახლოებული მატჩის შესახებ აზრი ჰკითხეს პეპ გვარდიოლას — „ბარსას“ თავკაცს 2008-12 წლებში. მექსიკური Univision-ისთვის მას ინტერვიუ ყოფილმა თანაგუნდელმა, „ბლაუგრანასა” და ბულგარეთის ნაკრების ვეტერანმა ხრისტო სტოიჩკოვმა ჩამოართვა.

„კრიშტიანუთი თუ კრიშტიანუს გარეშე, „რეალი” ტოპ-გუნდია, — თქვა გვარდიოლამ, — თუმცა მისი „იუვენტუსში” გადასვლით მადრიდელებმა ბევრიც დაკარგეს. კერძოდ, მათ წელიწადში 50-60 გოლი დააკლდებათ. რონალდუ წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელია. ის თავის გუნდს საკვანძო მომენტებში ეხმარება. ის შეუცვლელია”.

შემდეგ კი გვარდიოლამ თქვა, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში მცირე უპირატესობა მაინც „ბარსელონას” მხარესაა.

„დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია, მას ფავორიტი არასდროს ჰყავს, თუმცა „ბარსელონა” შინ თამაშობს და ამიტომ მცირე უპირატესობა მაინც მის მხარეს იქნება”, — თქვა „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა.