შაბათ საღამოს, „კინგ პაუერ სთედიუმის” გვერდით ჩამოვარდა „ლესტერის” მეპატრონის ვიჩაი სრივასრივადჰანაპრაბჰას ვერტმფრენი. ჯერაც არავინ ადასტურებს იმყოფებოდა თუ არა კატასტროფის დროს ბიზნესმენი ბორტზე.
Sky Sport-ის თქმით, შესაძლოა რამდენიმე ადამიანი დაღუპულიყო. ვერტმფრენი „ლესტერისა” და „ვესტ ჰემის” თამაშის (1:1) შემდეგ აფრინდა, მაგრამ მყისვე უმართავი გახდა, დაენარცხა და ცეცხლის ალებად იქცა. კატასტროფის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მაშველები, რომლებიც შოკირებულ თვითმხილველებს სთხოვდნენ იქაურობა დაეტოვებინათ.
ტაილანდელი ბიზნესმენი სრივასრივადჰანაპრაბჰა 61 წლისაა. ის გახლავთ კლუბის სპონსორ „კინგ პაუერის” მეპატრონე. მან „ლესტერ სიტი” 2010 წელს 5 მილიარდ გირვანქად იყიდა.
შეგახსენებთ, რომ 2015-16 წლების სეზონში „ლესტერი” პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, რაც სრული სენსაცია გახლდათ.
ვიჩაი სრივასრივადჰანაპრაბჰა „ლესტერის” ყოველი საშინაო მატჩის შემდეგ სტადიონს ვერტმფრენით ტოვებდა.
მავანმა თვითმხილველმა თქვა: „მე ყველაფერი დავინახე. შვეულმფრენს აშკარად პრობლემა ჰქონდა. ერთი ის მოახერხა, რომ სტადიონს გადაუფრინა და მერე ჩამოვარდა”.
ამბობენ, რომ ასეთი ვერტმფრენები 20 კაცს იტევს, მაგრამ არავინ იცის, რამდენი კაცი იჯდა კონკრეტულ ბორტზე ამ შემთხვევაში.