ხვალინდელი „ელ კლასიკოს” წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე „ბარსელონას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ დაჭრილი „რეალი” საღ-სალამათზე უფრო საშიშია.

ვალვერდეს აზრით „კამპ ნოუზე” მოპოვებული წარმატება ხულენ ლოპეტეგის გუნდისთვის შეიძლება უებარი წამალი გამოდგეს.

„ჩვენ ბოლო ორი თამაში („სევილიასა” და „ინტერთან”) შესანიშნავად ჩავატარეთ და ამ აღმასვლას ხვალინდელი წარმატებით შეიძლება დიდებული გაგრძელება მოვუძებნოთ, — თქვა „ბარსას” თავკაცმა, — გამარჯვებისთვის კი მთავარი მომენტის დაჭერა კი არა, კარგად თამაშია.

ამასთან, ზუსტად მოგვეხსენება, თუ როგორი გუნდია „რეალი” — რაც უფრო დაჭრილია, მით უფრო საშიშია. ხვალ მადრიდელებისგან საუკეთესო ფეხბურთს ველი. „რეალი” ის გუნდია, რომელიც სახიფათო მომენტებს ქმნის. ალბათ ნახეთ მისი თამაში ბოლო ტურში „ლევანტეს” წინააღმდეგ და გახსოვთ, რომ „თეთრებმა” ათი აშკარა საგოლე მომენტი შექმნეს. ეს ნათლად მეტყველებს, რომ ამ გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს. ამ მხრივ სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს”.

შემდეგ საუბარი შეეხო იმას, რომ 2007 წლის შემდეგ პირველად „ბარსასა” და „რეალის” შეხვედრა ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაივლის. რონალდუ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა, „მესი” კი „სევილიასთან” შეხვედრაში დაშავდა, ხელი მოიტეხა.

„მადრიდელებს საკმარისი ძალა შესწევთ იმისათვის, რომ რონალდუს არყოფნაში კოლექტიურად ითამაშონ კარგად. ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება ჩვენსა და ლეო მესის შესახებ.

„ბარსელონას” ფეხბურთელებმა მოედანზე ერთმანეთი უნდა იგრძნონ და სულერთია ეს მესისთან ერთად თუ მოხდება თუ მესის გარეშე. გასულ სეზონში ჩვენ სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და კოლექტიური თამაშით გავხდით ძლიერები.

კრიშტიანუ კი უკვე ისტორიაა, მე მასზე აღარ ვფიქრობ. ახლა მადრიდელთათვის ყველაზე დიდი დანაკლისი დანი კარვახალის არყოფნაა.

მესის გარეშე თამაში ჩვენ უკვე გამოვცადეთ და ხვალ ის კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ ვიდრე „ინტერთან” შეხვედრაში. რასაკვირველია, „კლასიკოსთვის” ლეოს გარეშე მზადება უჩვეულოა, მაგრამ გუნდი ამისათვის მენტალურად მზად არის. ისტორია მესითა და რონალდუთი არ დაწყებულა. ადრე ისეთი დაძაბული თამაშები იყო, რომ მოედანზე ღორის თავებს ისვრიდნენ”.

და ბოლოს ვალვერდემ მწვრთნელის რთულ პროფესიაზეც ილაპარაკა. საუბარი კრიტიკას შეეხო. მას „რეალის” თავკაცის, მისი თანამემამულის, ბასკი ხულენ ლოპეტეგის ამბავი შეახსენებს. ლპეტეგის ხომ საქმე მოხსნაზე აქვს.

„ჩვენ მწვრთნელები ყოველ კვირას ასეთ დღეში ვართ. ყოველ ტურში ვცდილობთ საკუთარი სტილი დავნერგოთ და ფეხბურთელებს ვთხოვთ მოედანზე მაქსიმუმი გამოამჟღავნონ. ისე ითამაშონ, როგორც სინამდვილეში შეუძლიათ. რაც შეეხება კრიტიკას, ორი კვირის წინ მე ქარ-ცეცხლში მატარებდნენ, ახლა კი სხვანაირად არის საქმე. ვნახოთ, მეათე ტურის შემდეგ რა იქნება”.