ამბობენ, რომ „პარი სენ ჟერმენი” ნეიმარისა და კილიან მბაპეს შემდეგ, ზაფხულში, კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. არსებობს ასეთი იტალიური საიტი Calciomercato, რომელიც ტრანსფერების ამბავს აშუქებს. ის წერს, რომ პარიზელთა მომდევნო მსხვილი სამიზნე „რეალის” გერმანელი ნახევარმცველი 28 წლის ტონი კროოსია. თუ კროოსის მაღალ ოსტატობასთან ერთად იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პსჟ-ს მწვრთნელი თომას ტუხელი გერმანელია და გუნდში თანამემამულეს მიესალმება, შეიძლება ითქვას, რომ Calciomercato-ს ვერსიის დაჯერება შეიძლება.
დღეს ტონი კროოსი „რეალთან” ერთად კრიზისს განიცდის. „თეთრები” „ლა ლიგის” ცხრილში მე-7 ადგილზე არიან. პირადად გერმანელსაც აერია ზინედინ ზიდანის ხელში დალაგებული სიტუაცია. ახალი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ნახევარმცველს უფრო დაცვით ფუნქციებს აკისრებს, „ლევანტესთან” კი სულაც სათადარიგოთა სკამზე დასვა. კროოსმა უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა.
გერმანელს „რეალთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს. ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2014 წელს 25 მილიონ ევროდ გადავიდა. ახლა მისი ფასი 80 მილიონი ევროა.