გარეთ ბეილი სულ დამტვრეულია, ქარიმ ბენზემა საკუთარი თავის ჩრდილია… „რეალში” სხვაც ბევრი რამ ხდება ისეთი, „ლოს ბლანკოსს” რომ არ შეჰფერის და ამიტომაც ამბობენ, მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის წყალი აქვს შეყენებულიო. ამ ბოლო დღეებში კი გავრცელდა ჭორი, რომ ფლორენტინო პერესს „სანტიაგო ბერნაბეუზე” კვლავ ჟოზე მოურინიუს დაბრუნება უნდა.
ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლოა ზინედინ ზიდანისთვის გათავისუფლდეს ადგილი.
თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრულად მოვყვეთ: მოურინიუმ ისევ წააგო — „მანჩესტერ იუნაიტედი” შინ დამარცხდა „იუვენტუსთან”. მართალია, კლუბის ხელმძღვანელები კატეგორიულად აცხადებენ, რომ პორტუგალიელის სამსახურიდან გაშვებას არ აპირებენ, მაგრამ ხალხს სწამს, რომ გულის სიღრმეში მათ „ოლდ ტრეფორდზე” ზიდანის მიყვანა უნდათ. და აი, სად იყო და სად არა, გამოჩნდა ესპანური ვებ-გვერდი Ok Diario, რომელმაც დაწერა — დანამდვილებით ვიცით, ზიდანს სურს გლეიზერების ოჯახმა „განსაკუთრებული” „რეალს” მიჰყიდონ, „წითელი ეშმაკები” კი მას ჩააბარონო.
საიდან მოიტანა Ok Diario-მ ეს ცნობილი არ არის. კაცმა რომ თქვას, საიტები და გამოცემები, რომელთაც ეს ამბავი აიტაცეს უფრო „ყვითელი ფერით” არიან ცნობილი ან სულაც ამ ცნობის თავზე რუბრიკად სიტყვა “ჭორი” უწერიათ, მაგრამ თემა რომ ტრიალებს, ფაქტია.
ზიდანის აგენტი ალენ მიგლიაჩიო კი კვლავ იმეორებს: „არ მჯერა, რომ ზიდანი ინგლისში წავა. ინგლისური ფეხბურთი მისი სტილისა არ არის. მე ზინედინს ამ თემაზე ველაპარაკე და საერთოდ არ გამოუჩენია ინტერესი”.