„ბაიერნში” ყველაფერი იმედით იწყებოდა

წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც კარლო ანჩელოტი „ბაიერნს” წვრთნიდა. 2017 წლის 27 სექტემბერს, როდესაც მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის გერმანელთათვის ავადსახსენებელ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგეს, იტალიელმა თანამდებობა დატოვა. და აი, 2018 წლის 24 ოქტომბერს მან თავისი გუნდი კვლავ პარიზში ათამაშა — 2:2. ეს გუნდი ამჯერად „ნაპოლი” იყო და მან კინაღამ მოიგო. პსჟ-მ მხოლოდ მსაჯის დამატებულ წუთებზე მოახერხა ანგარიშის გაქვითვა.

მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე კი ანჩელოტის ჰკითხეს, თუ რა გამოიცვალა ამ ორ პარიზულ სტუმრობათა შორის პერიოდში. 59 წლის სპეციალისტმა უპასუხა:

„ძალიან ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა „პარი სენ ჟერმენში” მწვრთნელი გამოიცვალა. რაც შეეხება ჩემს მაშინდელ კლუბს „ბაიერნს”, იქ, როგორც ხმები მომდის არაფერი გამოცვლილა. რა პრობლემებიც მაშინ იყო, იგივეა ახლაც”.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ცხრილში, 8 ტურის შემდეგ „რეკორდმაისტერი” მეოთხე ადგილზეა.

შემდეგ ანჩელოტიმ კიდევ უფრო დააზუსტა რისი თქმა უნდოდა: „მნიშვნელოვანია, რომ პარიზში ბოლო სტუმრობის შემდეგ გუნებ-განწყობა შემეცვალა. შარშან რომ ჩამოვედი „ბაიერნის” მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი მიჭერდა მხარს, ახლა კი მთელი „ნაპოლი” გვერდში მიდგას — მოთამაშეებიც და კლუბის ხელმძღვანელებიც”.

კერძოდ ვინ იყო ეს ხუთი ფეხბურთელი იტალიელს აღარ დაუზუსტებია.