სასტუმრო „ბილტმორში“ ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ჯერ დაწყებული არ იყო, როცა ნაკრების წევრთა ნაწილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა და ვარლამ ლიპარტელიანის პირით ყრილობის დელეგატებს უნდობლობა გამოუცხადა.

ყრილობა და არჩევნები კი მაინც შედგა.

მოწვეული 46 დელეგატიდან ახალი პრეზიდენტის არჩევნებში 41-მა მიიღო მონაწილეობა და იქიდან 40-მა ერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი – ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა, ვინც ძიუდოს ფედერაციაში დავით ქევხიშვილის პირველკაცობისას გენმდივანი იყო. ალბათ, ამანაც ათქმევინა ლიპარტელიანს, ფედერაციას ისევ ქევხიშვილი მართავსო.

სხვათ შორის, ერთერთ კანდიდატად ქევხიშვილიც ფიგურირებდა, მაგრამ მან მოხსნა კანდიდატურა, რამდენიმე დღით ადრე კი დავით ხახალეიშვილმაც იუარა კენჭისყრაში მონაწილეობა.

ახალმა პრეზიდენტმა ოთხის ნაცვლად ხუთი ვიცე -პრეზიდენტი ისურვა. ყრილობამ თხოვნა დააკმაყოფილა. ვიცე-პრეზიდენტებად ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი, ცეზარ ჩოჩელი, ზაზა გულბიანი და თენგიზ ხუბულური აირჩიეს.

საკუთარი მეთვალყურე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა მოავლინა. მიშელ კუეტმა ბიულეტენების პირადად გადათვლის შემდეგ ყრილობა დადებითად შეაფასა. ოფიციალური ნაწილიც ეს იყო. არაოფიციალურისა კი რა გითხრათ…

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ნაკრების წევრთა ნაწილის აზრით ვიღაც მანიპულირებს. სხვა შემთხვევაში ძნელად წარმოსადგენია, დელეგატთა შორის ამდენი ლეგენდის ყოფნის და ასეთი ერთსულოვნების პირობებში, რატომაა ნაკრების ნაწილი გაბუტული.

არ გიხდიან ხელფასს ან პრემიალურს? თქვი!

არ გიწყობენ შეკრებას? თქვი!

არ გიშვებენ ტურნირზე? თქვი!

სავარჯიშო პირობები არ გაქვს? თქვი!

… მაგრამ, აი ეს ტიპი და კიდევ ის ტიპები არ მომწონან და ვინც მაგათ მხარს უჭერს, იმ 40 ტიპსაც არ ვენდობითო, ძნელი ასახსნელია. ჯერჯერობით მაინც…

ყრილობის 40-მა დელეგატმა ხმა გიორგი ათაბეგაშვილს მისცა