„რეალმა” პლზენის „ვიქტორიას” 2:1 მოუგო და ხუთმატჩიანი დათარსული სერია დაასრულა, მაგრამ გამარჯვება შთამბეჭდავი არ ყოფილა და ხულენ ლოპეტეგის მომავალიც კვლავ ბუნდოვანია. არადა კვირას, 28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე” „ელ კლასიკოა”.

„ბარსელონაში გუნდს მე ვუხელმძღვანელებ თუ არა, ჩემზე არ არის დამოკიდებული, — თქვა „რეალის” ბასკმა თავკაცმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე, — ერთადერთი, რაც ამჟამად დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ ის არის, რომ კვირის თამაშზე ვფიქრობთ. ის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ „კამპ ნოუზე” ამბიციით გავალთ”.

გამარჯვების მიუხედავად „რეალს” თავდასხმაში კვლავ გაუჭირდა. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ბოლო დღეებში ჩატარებულ ორ შეხვედრაში სამიდან ორი გოლი მცველმა მარსელომ გაიტანა. „ვიქტორიასთან” მადრიდელებმა ეგრეთწოდებული თამაშის მოკვლა ვერ შეძლეს და ბოლოს მეტოქისგან ერთი გოლი მიიღეს კიდეც.

აქვე დავძენთ, რომ ჩეხებთან შეხვედრაში მარსელოს ფეხი გაუმიზეზდა და შეძლებს თუ არა „ბარსელონას” წინააღმდეგ მოედანზე გასვლას, ამ ეტაპზე უცნობია.

ლოპეტეგი: „ჩვენ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ და თამაშის ბედი ნაადრევად ვერ გადავწყვიტეთ, თუმცა სახიფათო მომენტები შევქმენით. და მაინც, მთავარი გამარჯვება და მოუგებელი თამაშების ციკლის დასრულება იყო”.