„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაზე დაიგვიანა. პირველი დაგვიანების ამბავი გუშინ გიამბეთ წერილში, „დღეს მანჩესტერი საცობში არ მოხვდება”. ეს ამბავი „სევილიასთან” თამაშის დღეს მოხდა და ამის გამო კლუბი უეფამ 13 ათასი გირვანქით დააჯარიმა კიდეც. დაგვიანების მიზეზი ავტობუსის საცობში მოხვედრა იყო.

გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ჟოზე მოურინიუმ სასტუმრო შეცვალა და „იუვენტუსთან” თამაშის წინა დღეს გუნდი იქვე „ოლდ ტრეფორდთან”, ყურის ძირში „ჰილტონში” დააბანაკა. ეს სასტუმრო „ოლდ ტრეფორდის” კრიკეტის მოედნის გვერდით მდებარეობს და ფეხბურთის სტადიონიდან 800 მეტრში თუ იქნება. თავად მოუმ ჭკუა იხმარა და „ჰილტონიდან” თამაშზე ფეხით წავიდა — კრიკეტის მოედნით გადაჭრა. გუნდი კი… აქედანაც საცობში გაეჩხირა.

სტადიონზე მისულმა პორტუგალიელმა BT Sport-ს განუცხადა: „ფეხბურთელები 45 წუთია რაც ავტობუსში სხედან, მე კი ხალხის ნაკადთან ერთად ფეხით წამოვედი და მინდა გითხრათ, რომ ვერავინ მიცნო. აქ მოსასვლელად სულ ორი წუთი დამჭირდა. სხვათა შორის, „იუვენტუსიც” იმავე პრობლემის წინაშე იდგა, მაგრამ მე დავურეკე უეფას დელეგატს და საქმის კურსში ჩავაყენე”.

ჟოზე მოურინიუმ გუნდის დაგვიანებებში ბრალი მანჩესტერის პოლიციას დასდო, ესკორტი უნდა გამოეყოთო.