საბჭოთა კავშირის ნაკრების სახეს წლების მანძილზე მოსკოვის კლუბების, კიევისა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები განსაზღვრავდნენ. მართლაც გამორჩეული, ჭეშმარიტი ლიდერი უნდა ყოფილიყო სხვა კლუბის ფეხბურთელი, რომ ამ სახელგანთქმული კლუბების მოთამაშეებთან ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრილიყო. იმ ქართველ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში უთამაშიათ, მხოლოდ ორი არ წარმოადგენდა თბილისის „დინამოს“ (სლავა მეტრეველი და ანზორ კავაზაშვილი არა გვყავს მხედველობაში, ისინი მოსკოვის კლუბებიდან მოხვდნენ) — რამაზ ურუშაძე და სერგო კუტივაძე (1936 2017 წწ)

1962 წელი ქართული ფეხბურთისთვის ღირსშესანიშნავი იყო იმით, რომ უმაღლეს ლიგაში თბილისის „დინამოს“ გარდა პირველად ითამაშა არათბილისურმა ქართულმა კლუბმა — ეს იყო ქუთაისის „ტორპედო“.

ქუთაისელთა გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი ასპარეზობდა, რომელთაც შემდეგ სეზონში ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველი სერგო კუტივაძეც შეემატა. იგი ძალიან მალე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად.

— ქუთაისის „ტორპედოში“ ისე მოვხვდი, საფეხბურთო სკოლაში არც მივლია. ავტოქარხნის სტადიონზე ვთამაშობდით ბიჭები, საიდანაც ცნობილმა მწვრთნელმა კარლო ხურციძემ რამდენიმე კაცი თავის გუნდში აგვიყვანა. რაკი 1961 წელს ქუთაისელებმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს, აუცილებლად უნდა ჰყოლოდათ დუბლშემადგენლობა და მე იქ მოვხვდი, 1963 წლიდან კი უკვე ძირითადშიც“ — გაიხსენა კუტივაძემ.

უკვე ვთქვით, რომ სერგო კუტივაძე მალე გახდა გუნდის ლიდერი, საყოველთაო ყურადღება კი მაშინ მიიპყრო, როდესაც ქუთაისელებმა შესანიშნავად ითამაშეს ორი უძნელესი გასვლითი მატჩი სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან და „ლოკომოტივთან“. ქუთაისელებმა ორივე შეხვედრა 1:0 მოიგეს და ორივე მატჩში გადამწყვეტი გოლი სერგო კუტივაძემ გაიტანა.

ტექნიკური, ჭკვიანი მოთამაშით, რომელსაც შესანიშნავი დარტყმა ჰქონდა, უმალ დაინტერესედნენ სპეციალისტები და 1964 წელს იგი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში შეიყვანეს, შემდეგ კი — ოლიმპიურ ნაკრებშიც. ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში სერგო კუტივაძეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეორე ნაკრებთან მოუწია შეხვედრა, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ფრანც ბეკენბაუერი თამაშობდა.

1965 წელს სერგო კუტივაძე უკვე პირველი ნაკრების შემადგენლობაში სამხრეთ ამერიკაშია ტურნეზე. იქ ცნობილი კლუბების წინააღმდეგ მოუწია თამაში. ასე რომ, სანაკრებო დონეზე მატჩი მას იუგოსლავიის ძლიერ გუნდთან ჩაეთვალა, რომელიც საბჭოეთის პირველ გუნდს მოსკოვში ესტუმრა (0:0).

მიუხედავად კარიერის ასეთი გამორჩეული დასაწყისისა, კუტივაძე კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში გამოდიოდა. თუმცა, როგორც იმ წლების პრაქტიკა მოწმობს, ნიჭიერ ფეხბურთელებს მალევე იწვევდნენ თბილისის „დინამოში“. მისი „დინამოში“ გადმოსვლა შედარებით იმიტომ დაგვიანდა, რომ საქართველოს უპირველესი კლუბი ჯერ კიდევ ჩემპიონური შემადგენლობით ასპარეზობდა და მეორეც — ქუთაისის „ტორპედოს“ უჭირდა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა, ამიტომ ასეთი დონის ფეხბურთელის გამოკლება კიდევ უფრო გაურთულებდა გუნდს ამოცანის გადაწყვეტას.

სერგო კუტივაძე: „ქუთაისის „ტორპედო“ ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო. ჩემი აზრით, ვთქვათ, ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ჯუმბერ ხაჟალია გახლდათ, გაცილებით მეტისთვის უნდა მიეღწია. და საერთოდ, ფეხბურთელებისადმი უფრო სწორი დამოკიდებულებით „ტორპედოს“ თამამად შეეძლო საკავშირო პირველობის მონაწილე გუნდების ცხრილის შუაგულში დაემკვიდრებინა ადგილი. მაგრამ, სამწუხაროდ ასე არ მოხდა“.

ნოდარ ახალკაცი, სერგო კუტივაძე და კახი ასათიანი

რაკი კუტივაძის „დინამოში“ გადასვლა ყოვნდებოდა, მოსკოვის გუნდებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ შემთხვევით და „დინამომ“, „სპარტაკმა“ და „ტორპედომ“ ახალგაზრდა ნახევარმცველზე ნადირობა დაიწყეს. განსაკუთრებით ზეწოლას სერგო კუტივაძე ნაკრების მწვრთნელ ნიკოლაი მოროზოვისგან განიცდიდა, რომელიც მოსკოვის ტორპედოელი იყო და უნდოდა, კუტივაძე თავის გუნდში ეხილა.

1966 წელს მოსკოვის „სპარტაკმა“ გადაწყვიტა ესარგებლა დებულებით, რომელიც ევროთასებზე მოასპარეზე გუნდებს მეორე წრიდან მოთამაშეების დამატების უფლებას აძლევდა და კუტივაძით და ოდესელი ბაკატოვით შეეცადა გუნდის გაძლიერებას. „სპარტაკში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქმეში საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარე სერგო სიხარულიძე ჩაერია და კუტივაძე საქართველოში დარჩა.

ცხადი იყო, რომ ამ დონის ფეხბურთელს ქუთაისში დიდხანს მაინც არავინ გააჩერებდა და კუტივაძეც თბილისის „დინამოს“ წევრი გახდა. მისი გუნდში მისვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თბილისის „დინამოს“ სახელოვანი შემადგენლობა უკვე წასვლას აპირებდა, ახალგაზრდები კი მათი ადგილის დაკავებას ცდილობდნენ.

წარმოიდგინეთ, რა კონკურენცია იყო ნახევარდაცვის ხაზშიც: შოთა იამანიძე, გიორგი სიჭინავა, ალექსეი ილიადი, სერგო კუტივაძე, გოჩა ხარტიშვილი, გურამ პეტრიაშვილი, კახი ასათიანი. თუმც, კუტივაძემ საკმაოდ ბევრი მატჩი ითამაშა „დინამოს“ შემადგენლობაში. კუტივაძემ „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი 1968 წლის სეზონში დაიმკვიდრა და ბევრი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა.

სერგო კუტივაძისთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი 1970 წლის სეზონი იყო, როდესაც მან 10 გოლი გაიტანა და იგი, ნახევარმცველი, გატანილი გოლების მაჩვენებლით გუნდში მხოლოდ თავდამსხმელ გივი ნოდიას ჩამორჩა. მას კი იმ წელს არამარტო კუტივაძე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილე ვერცერთი მოთამაშე გაუტოლდა. გივი წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 17 გოლით.

რითი დაგამახსოვრდებოდათ კუტივაძის თამაში: ეს იყო მეტად ელეგანტური, უმაღლესი საფეხბურთო აზროვნების მოთამაშე, რომელსაც ყუმბარისებური დარტყმა ჰქონდა.

წინა რიგში მარცხნიდან:სერგო კოტრიკაძე,სლავა მეტრეველი,მიშა მესხი,ფირუზ კანთელაძე.მეორე რიგში:გურამ პეტრიაშვილი,მურთაზ ხურცილავა,გოჩა გავაშელი,შოთა იამანიძე,ვახტანგ რეხვიაშვილი,სერგო კუტივაძე,ბორის სიჭინავა. თბილისის დინამო, 1967 წელი

ძველ გულშემატკივრებს ალბათ გაახსენდებათ ასეთი ეპიზოდი: კიევის „დინამოს“ უძლიერეს გუნდს (საბჭოთა კავშირის ზედიზედ სამგზის ჩემპიონს) ვეთამაშებოდით თბილისში. საჯარიმო დარტყმა დაინიშნა ცენტრის ხაზთან ახლოს, ჩვენი შეტევის მარჯვენა ფრთაზე. კუტივაძემ ბურთი ჯარიმის ადგილზე დადო და კარში დარტყმისთვის მოემზადა. კიეველთა კარს კი მაშინ არც მეტი არც ნაკლები, საბჭოთა კავშირის უპირველესი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ევგენი რუდაკოვი იცავდა. „რას შვრება სერგო, ხომ არ გაგიჟდა, კარში დარტყმას აპირებს?“ — გაისმა ტრიბუნებზე. კიეველებს რა თქმა უნდა არც ცოცხალი კედელი დაუყენებიათ. 40 მეტრიდან რუდაკოვის კარის დალაშქვრა მაშინ, როცა მეკარე თავისუფლად ხედავდა ბურთს და დამრტყმელს, რასაკვირველია, ავანტიურად აღიქმებოდა. სერგო გამოქანდა და ბურთი ელვისებურად აღმოჩნდა რუდაკოვისგან მარცხენა მაღალ კუთხეში…

— ასეთი მანძილიდან ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშის დროს ერევნელებსაც გავუტანე. მაშინ, ჯემალ ხერხაძე, ჩვენი გუნდის ფორვარდი მეუბნებოდა, ხომ არ შეიშალე, კარში ურტყამო? და ბურთი მაშინაც ბადეში აღმოჩნდა, — იხსენებს სერგო კუტივაძე.

კუტივაძემ ძალიან ადრე, 28 წლისამ დაანება თამაშს თავი და ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის დარად გულშემატკივრებში უკმარისობის გრძნობა დატოვა. რა იყო ამის მიზეზი?

სერგო კუტივაძე: „განსაკუთრებული არაფრი. უბრალოდ, ფეხბურთი აღარ მგვრიდა სიამოვნებას და ასეთ შემთხვევაში მოთამაშე მაყურებელსაც ვერ სიამოვნებს. საკუთარი სახელით სპეკულაცია კი ალბათ არ ეგების“.

სერგო კუტივაძე, როგორც ფეხბურთელი, ადრე წავიდა მინდვრიდან, მაგრამ ასევე ახალგაზრდულ ასაკში გახდა თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. მას შემდეგ იგი კვლავ დიდ ფეხბურთში ტრიალებდა, მხოლოდ ხანმოკლე შესვენებით და ბევრი დიდი წარმატების მონაწილე და შემოქმედიც ყოფილა, მათ შორის ქართული ფეხბურთის ევროპულ ასპარეზზე ტრიუმფისაც. სერგო კუტივაძე დღესაც ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი თავკაცია და, ალბათ, არ იქნებოდა მართებული, დღევანდელ ჩვენს ნაკრებზეც არ მოგვესმინა მისი აზრი:

— მრავალი დიდი მწვრთნელის ხელში გამივლია, ისეთების, როგორებიც იყვნენ ანდრო ჟორდანია, მიხაილ იაკუშინი, გავრილ კაჩალინი, ვსევოლოდ ბლინკოვი, ნოდარ ახალკაცი და, ალბათ, მაქვს გარკვეული უფლება ვთქვა, რომ ვლადიმერ გუცაევი მზარდი, მონდომებული მწვრთნელია. გუცაევმა სხვებზე არანაკლებ იცის ჩვენი თითოეული მოთამაშის ფასი და ერთადერთი, რაც მას უნდა, ისაა, რომ ნაკრებში იყოს ჯანსაღი კონკურენცია. არც ერთმა მოთამაშემ არ ჩათვალოს, რომ მან უკვე მიაღწია სრულყოფას და მუდმივი სტიმული ჰქონდეს თავისი ადგილის დასამკვიდრებლად. ჩვენ ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ მუდმივი შრომის გარეშე უმაღლეს ოსტატობას ვერ მიაღწევ — აი, ეს მოთხოვნა აქვს გუცაევს. მან გარისკა და ცდილობს იმას, რაც სხვამ ვერ გაბედა — ნაკრების გადახალისებისას. თანაც იმ დროს, როდესაც გუნდისგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ითხოვენ, ამ საკითხში მის გვერდით დგომაა საჭირო. რადგან ასეთი ამოცანის გადაწყვეტას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ნაკრების გადახალისება არაა მწვრთნელის კაპრიზი. მას უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი მოთამაშე იყოს საერთაშორისო დონის, რომ გუნდის მწვრთნელს ასარჩევად ჰქონდეს საქმე და არ იყოს დამოკიდებული ორ-სამ, თუნდაც ძლიერ მოთამაშეზე.

დაბოლოს: მე მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ, არ მაქვს რაიმე სხვა ბიზნესი და მინდა, ქართული ფეხბურთი ავიდეს ისეთ დონეზე, რისი უნარი და შესაძლებლობაც გაგვაჩნია. ამისათვის კი დიდი შრომაა საჭირო“.

რასაკვირველია, ეს ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივრის სურვილია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კიდევ გავხდებით ქართველი ფეხბურთელების წარმატებების მოწმე.

18.03.1999