ლეგენდარული ჩავი მწვრთნელობისთვის ემზადება, მაგრამ ამბობს, რომ მისი გუნდები არასდროს ითამაშებენ ისეთ ფეხბურთს, როგორსაც ჟოზე მოურინიუ ქადაგებს.
„ბარსელონას” ნახევარდაცვის ყოფილი მაესტრო მოთამაშის კარიერას ასრულებს — ყატარის „ალ საადთან” ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება ირანის „პერსეპოლისის” წინააღმდეგ და თან მომავალზე ლაპარაკობს:
„99 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი კარიერის ბოლო სეზონია. უკვე 39 წლისა ვარ და დაღლილობას რომ ვგრძნობ ამაში გასაკვირი არაფერია. ახლა უკვე მწვრთნელობაზე ვფიქრობ. მაისში უეფა Pro კურსები დასრულდება და ლიცენზიას მივიღებ. მართალია, რაიმეს ოფიციალურად გამოცხადებისა და ფეხბურთთან გამოთხოვების დრო ჯერ არ არის, მაგრამ დასასრული ახლოსაა”.
შემდეგ ჩავის მისი ყოფილი გუნდის „ბარსელონასა” და „ინტერის” ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ჰკითხეს. გაახსენეს ის დრო, როდესაც თავად „ბლაუგრანაში” გამოდიოდა, პორტუგალიელი კი მილანის გუნდს წვრთნიდა.
„მოურინიუ დაცვაზე მეტად ორიენტირებული მწვრთნელია და მისი „ინტერის” წინააღმდეგ თამაში ძნელი იყო, — იგონებს ჩავი, — ეს მისი სტილია. ის ამავე სტილით ათამაშებდა „ჩელსისა” და „რეალსაც“. ასეთ თამაშში კი ყველაფერი მცირე დეტალებზე, სივრცეების ჩაკეტვასა მეტოქისთვის თამაშის შეზღუდვაზეა დამოკიდებული.
მე ასეთი ფეხბურთი არ მიყვარს. არ მინდა კრიტიკა გამომივიდეს, მაგრამ არც თავად მიყვარდა ასე თამაში და მწვრთნელი რომ გავხდები არც ჩემს გუნდებს ვათამაშებ ასე”.
შემდეგ ჩავიმ „ბარსელონასა” და „ინტერის” ხვალინდელი თამაშის პროგნოზირება სცადა:
„ხვალაც ისეთსავე თამაშს ველი, როგორიც 2010 წელს იყო. „ინტერი“ დაცვაში ჩადგება და კონტრშეტევებზე იკარდისა და პერიშიჩის იმედად იქნება. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კი ფავორიტები იქნებიან. ბურთს ისინი გააკონტროლებენ და მეტოქეს პრობლემებს შეუქმნიან”.
და ბოლოს ჩავიმ თქვა, რომ ლეო მესის არყოფნა დიდი დანაკლისია.
„ის საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც მე მითამაშია. მას ნებისმიერ წამს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ვფიქრობ, ყველა დროის”.