დაგბურძგლავს, ხორკლი დაგაყრის ტანზე, გაგახსენდება ძველი დროება, დროება მარტოხელა მებრძოლთა, დროება მკლავისა და მუშტისა, ალალი სიტყვისა და ორ ყლუპად გამოცლილი არაერთი კათხისა. გაგახსენდება და მაშ, არ დაგბურძგლავს? გარდასული დრო იგი საამო, ორასი წელი მაინც გასულა იმ ხანიდან, როცა მუშტს ფასი კაცობით ედო და არა მილიონ დოლარებით…

გზა

და დგას ჩრდილოეთის წყლებში კუნძული, ადგილი კლდეებისა და გასაგიჟებლად ზურმუხტოვანი ველებისა. მწვანე კუნძულიო, ასეც იტყვიან, ხასხასა ალაგიო – ქვეყნის კიდეზე დაფენილი თავად ღვთის მიერ, რათა ადამიანები იქ ყოფნისას ჩასწვდნენ სიმშვიდეს და სათნოებას ღმერთისგან ნაბოძები საჩუქრის გამოო.

კუნძულს კი ჰქვია ირლანდია – თითქოს თავისუფლებისთვის მარაჟამს საბრძოლველად მზადმყოფი მხარე, შობილი სიმშვიდისთვის და ვერდამშვიდებული. ქვეყანა ჩარლზ პარნელისა და მარტინ კოლინზისა, ჰოუმრულისა და ტერორისა.

ეს ყველაფერი იყო, იყო…

ეს სხვა კუთხეა და ყველაზე მთავარი კუთხე კი არის ცხოვრება უბრალო ხალხისა. გმირები ხომ ისე ამოიმართებიან უბრალო ხალხის ჯგროდან, რომ თავიდან ვერც კი ამოიცნობ, რომ გმირია.

და კრივი?

რა შუაშია აქ კრივი?

ამ ამბავში კრივი სულაც არ არის უკანასკნელი რამ. კრივი და ირლანდია განუყოფელი ამბებია. მარკიზ ქვინსბერის სულაც არ ჰქონდა შედგენილი თავისი გარდამტეხი წესები, როცა ირლანდიაში მკლავის გამართვა საპატიო და ვაჟკაცურ საქმედ ითვლებოდა. და განა მარტო ირლანდია, მთელი ბრიტანეთი მოკრივეთა საუფლო იყო. კრივი, თუმცაღა სადღეისოდ საკმაოდ ველური იერისა, უბრალო ხალხის მთავარი სასეირო და თავის გამოსაცდელი რამ იყო.

ახლა კვლავ ირლანდიის ზურმუხტოვან ველ-მინდვრებზე უნდა ვილაპარაკოთ, უფრო კი ნაფეხურებს გავყვეთ მწვანე მინდორზე. ნაფეხურებია. უფრო კი ნაკვალევი. ვიღაცას იმგვარი მონდომებით უვლია, რომ ნაკვალევი წვიმასაც კი ვერ გადაურეცხავს. ვიღაც ჯანმაგარი და ბეხლეწი ყოფილა, მძიმე და ადლიანი ნაბიჯი ჰქონია. უთუოდ დევი იქნებოდა, იტყვის გამვლელი, ამ ნაფეხურების ბილიკს რომ ადევნებია შემთხვევით. ნაფეხურები დონელის გორაკად წოდებული ალაგიდან ეშვება დაბლა, ფართო მდელოსკენ და უკანასკნელ ბორცვს რომ აათავებ, დაინახავ, რომ ნაკვალევის ბილიკი იმ ადგილისკენ მიემართება, კილდეირის კურაფი რომ ჰქვია.

ბორცვიდანვე ჩანს – ვიღაცას აქ სამახსოვრო თლილი ქვა დაუდგამს და გარშემო რკინის მესერი შემოუვლია. ირლანდიურ კვანტისტრიალში გარკვეული კაცი ორ რამეს იფიქრებს: ან – უთუოდ აქ დიდი ომი მომხდარაო, ან – აქ უთუოდ რომელიმე დიდი რაინდი ვინმე მარხიაო.

ქვა უხეშადაა ნათალი, გამოცდილი, თუმცაღა არცთუ ოსტატური მარჯვენით. იქავ დაფაა, საიდანაც ირკვევა, რომ, მართალია, აქ ომი არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ამ ადგილას, 1815 წელს დაუკრავთ ერთმანეთისთვის ირლანდიელ დურგალ დენ (იელ)  დონელისა და მასთან შესარკინებლად საგანგებოდ ჩამოსულ ინგლისელ ჯორჯ კუპერს. დონელის ყბა მოუმტვრევია კუპერისთვის და ოცი ათასი ირლანდიელი მოსეირისთვის სიხარული მიუნიჭებია. მერე კი ამდგარა და თავის სადურგლოში, დღეს დონელის ბორცვად წოდებული ადგილისკენ წასულა.

სიხარული და აღტაცება იმგვარი ყოფილა, რომ დონელის თავყვანისმცემლებს სამუდამოდ აღუბეჭდავთ მისი სავალი გზის მარშრუტი, კილდერის კურაფიდან დონელის ბორცვამდე მათ ბარებით უჩიჩქნიათ მიწა და იგი დონელის ნაფეხურების სიმბოლოდ უქცევიათ.

მაშინ დენ დონელი ყოფილა დაბადებიდან ოცდაშვიდი წლისა. ყოფილა ეს ამბავი დეკემბრის თვეში, არცთუ თბილ დღეს…

მარჯვენა

არ დაბადებულა მეორე ასეთი კაცი (ამ სიტყვებს ხშირად ვიმეორებთ მოკრივეთა გამო, მაგრამ მუშტის მსახურთა ამქარი ნამდვილად არ ჰგავს ცხვრის ფარას). ამას რომ ვამბობთ, დონელის გარეგნობას ვგულისხმობთ. ის არ იყო ლამაზი ტანის კაცი, ვაჟკაცური იერი კი ჰქონდა, მაგრამ ხელები…

მკლავებს რომ ჩამოჰყრიდა, თითები მუხლებს ჩასცდებოდა. განა სასაცილო არ იყო?

ისტორიამ, წარსულის მოყვარე ხასიათმა, შემოგვინახა უეშმაკო მხატვართა მიერ შესრულებული დენ დონელის ოცამდე პორტრეტი. ამ პორტრეტებიდან ორიოდე თუ იქნება შენახული ირლანდიურ მუზეუმებში, დანარჩენი აქაური ლუდხანების, გინდა პაბების მეპატრონეებს შემოუნახავთ თავიანთი დუქნების კედლებზე. პაბი – ეს სახალხო მუზეუმი ხომ არაფერს ივიწყებს…

ასობით ბალადა, ლექსი და სიმღერა ითქვა ამ დურგალი კაცის გამო. თუმცა, დურგლობაც სიყმაწვილის ხელობა უფრო იყო, კუპერთან ბრძოლის შემდეგ, ხომ დონელის ისე გაუვარდა სახელი, რომ ლონდონშიაც კი ჩავიდა და იქაც გამართა რამდენიმე ორთაბრძოლა.

დუბლინელი ქუჩის ბიჭი იყო, კილდეირის საგრაფოში კი იმიტომ მოხვდა, რომ მის პატრონს კაპიტან ვილიამ კელის იქ მამული ჰქონდა.

კილდერის საგრაფოში, კილკულენის ალაგს დღესაც დგას „ჰაიდაუთის ტავერნა“, რომელიც მავან ჯიმ ბარნს ეკუთვნოდა. ჯიმი ბარნი კრივისა და ირლანდიის სახელოვანი წარსულის ტრფიალი იყო. მას ტავერნაში გამოსაჩენ ადგილას, შემინულ ჩარჩოში ინახებოდა მარჯვენა მკლავი დენ დონელისა, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მკლავი, მოკრივისთვის რომ შეუბამს ღმერთს.

საქმეც ესაა, რომ მავან ბოროტებს, სკანდალის, ხმაურის თუ ოქროულობის მაძიებელთ მიწიდან ამოუთხრიათ დონელის კუბო, გვამი კი გაუტაციათ, სწორედ აქ უვაჟკაცია ვიღაცას და უთქვამს, არ ეგების, ეს ცხედარი, დაუვიწყარი ცხედარი კვლავ უვარგისთა საჯიჯგნად დავტოვოთო.

ეს გრძელი ისტორიაა და ბოლოსთვის შემოვინახოთ. უკანასკნელ ორმოც წელიწადს კი ბირნის „ყაიდაუთში“ იყო გამოფენილი – უცნაური, შიშის და აღტაცების ერთდროულად (თუკი ასეთი რამ შეიძლება) მომგვრელი კიდური ოდინდელი მოკრივისა.

ჯიმ ბირნი ამაყობდა ამ მკლავით. მაგრამ ჯიმ ბირნი ახლა ცოცხალი აღარაა. ორი წელიწადია, რაც გაიყიდა „ჰაიდაუთის ტავერნა“. ჯიმის შვილმა დეს ბირნმა მკლავი შინ წაიღო და სახალხოდ აღარ გამოუჩენია.

მარვჯენა დენ დონელისა…

ჯადოსნური შაქარყინული

ირლანდია ლეგენდათა საუფლოა, კილდეირში კი ლეგენდებს დონელის გამო ჰყვებიან.

ეგებ სისულელეც იყოს არცთუ შორეულ დროის რეალურ გმირზე ლეგენდების თხზვა, მაგრამ ხალხის გული ხომ სხვაგვარად ინახავს გმირების ხსოვნას. თურმე დონელის ოსტატობა სულაც არ ყოფილა მხოლოდ მისი გრძელი მკლავების და ქვასავით მუშტების დამსახურება. დონელი ყოფილა რაღაც ჯადოსნური ძალის რჩეული, რახანღა ეს მაგიური რამ იმგვარად დახმარებია, რომ ის ხელახლადაც კი შობილა, როგორც მოკრივე.

ეს მომხდარა მისი და კუპერის ჩხუბის დროს, სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ქვის ობელისკია აღმართული. იქ თავმოყრილ ზღვა ხალხს ორთაბრძოლის დაწყებისთანავე დაუტყვია, რომ დონელი ან ხასიათზე ვერაა, ან ჯანზე. თურმე, ინგლისელი გაალმასებით უტევდა, დენი კი როგორღაც დუნედ აქნევდა თავის გრძელ მკლავებს. ამის შემხედვარე კაპიტან კელის დას, ლეგენდაში „მის ველად“ მოხსენიებულს, დონელისთვის შეუძახია:

„რასა შევრები ჩემო ჯილავ, აბა შეუკეთე ცეცხლი“, და მისთვის ერთი კვნიტი შაქარყინული გადაუგდია. დონელის ჰაერშივე დაუჭერია შაქარყინული და გაუწუწნია. ამ გაწუწვნიდან ორ წუთში დურგალს ძალა მისცემია და ორი ისეთი დაუკრავს ინგლისელისთვის, რომ ყბა ბუდიანად ამოუმტვრევია. იმ შაქარყინულს კი ჯადოსნური ძალა ჰქონია, ამტკიცებს მთხრობელი.

კიდევ კარგი, რომ მაშინ დოპინგკონტროლი არ არსებობდა და იმ „მაცოცხლებელ ელექსირში“ ამოვლებულმა შაქარყინულმა ხალხს გმირი აჩუქა.

სერ

დენ დონელის ყოველთვის დუბლინისკენ მიუწევდა გული. იქ იყო დაბადებული და გაზრდილი. იქაური ტავერნების ხმაური უყვარდა. მაგრამ სახელმა და დიდებამ ლონდონშიც კი ჩაიყვანა. ყელზე ბაფთა მოარგო და ახალთახალი სერთუკი ჩააცვა. დურგალი კი აღარ იყო, არამედ – გამოჩენილი ადამიანი.

და კიდევ ერთი ლეგენდა, რომელსაც კილდეირში გიამბობენ და არ გიამბობენ ლონდონში.

ბრიტანეთის დედაქალაქში დონელი ტახტის მემკვიდრე უფლისწულს შეხვედრია. უფლისწულს მისი დიდების ბევრი სმენოდა და თავადაც კრივობის თავგადაკლული მოსეირე ყოფილიყო. დონელი რომ უნახავს და ამ უკანასკნელს მის წინაშე მუხლი მოუყრია, უფლისწულს ბევრი კი აღარ უფიქრია, ხმალი გაუშიშვლებია და ბეჭზე შემოუდევს დაჩოქილისთვის. უფლისწულს ორი სიტყვა უთქვამს:

„სენ, დენიელ“.

ესე იგი, ამიერიდან ნაკურთხი ხარ რაინდად და „სერად“ იწოდებიო.

იმ ჯადოსნური შაქარყინულისა არ იყოს, ისტორიამ არც დენ დონელის რაინდობის ამბავი შემოგვინახა, მაგრამ ირლანდიელები დღესაც ჯიუტად იმეორებენ, სერობა ნაღდი ამბავიაო. თუკი ეს სერობა ნაღდი ამბავია, კრივის ისტორიაში გაუგონარი ამბავია, მით უფრო, რომ ინგლისელი უფლისწულის მიერ ირლანდიელი დურგლის რაინდად დალოცვა საერთოდაც გაუგონარი კი არა, ისტორიის წიგნის პირველ გვერდზე დასაწერი ამბავია.

იყო თუ არა დონელი რაინდი? ის კი დანამდვილებით არის ცნობილი, რომ არასოდეს მოუთხოვია „სერ დენიელი“ დამიძახეთო. ის დუბლინის ჯურღმულთა შვილი იყო და მალე ისევ დუბლინისკენ გამოსწია. ინგლისი ისე მოევლო, რომ ერთადერთი დიდი ბრძოლა გამართა სასექსის საგრაფოში, კროული დაუნსში და მავან ტომ ოლივერს უხეშ, ოცდათოთხმეტრაუნდიან ჩხუბში აჯობა. ეს იყო 1819 წლის 21 ივლისს.

ამის შემდეგ დონელის დუბლინში ვხედავთ ტავერნიდან ტავერნაში დაყიალობს, მექალთანეობს და ფულს ფლანგავს, თავი ყოველდღიური სანაძლეოებით გააქვს, მაგრამ ფხიზლად იშვიათად არის. გალეშილი ცხოვრობს ტავერნათა სხვენში და იქვე აღესრულება ციებ-ცხელებით 1820 წლის 18 თებერვალს, დაბადებიდან 32 წლისა.

იქვე მარხავენ, სახალხო სასაფლაოზე.

ასე მთავრდება ამბავი ლეგენდად ქცეულ დენ დონელისა. მაგრამ ამბავი არა მთავრდება, რადგან გმირს სიკვდილი არ უწერია. მკლავი აცოცხლებს მის ამბავს დღესაც, 178 წლის შემდეგ.

ისევ მარჯვენა

ერთ დღესაც დენ დონელის საფლავი წაბილწული აღმოჩნდა, კუბოს ფიცრები ამოემტვრიათ და გვამი გაეტანათ. მთელი ირლანდია ბობოქრობდა, ირლანდია თავის ერთ-ერთ სიმბოლოს დაეძებდა. სიმბოლოს, რომელიც მავანმა ვერაგმა გაიტაცა. და სწორედ აქ ივაჟკაცა ერთმა დუბლინელმა ქირურგმა, რომელმაც გამტაცებლების კვალს მიაგნო და გვამი გამოისყიდა. დონელი ხელმეორედ მიაბარეს მიწას. მაგრამ სანამ დენ დონელის ხელახლა დაკრძალავდნენ, ექიმმა საიდუმლოდ მოჰკვეთა მარჯვენა მკლავი გვამს და შინ შეინახა. ხსენებულმა ესკულაპმა მკლავი სათანადოდ დაამუშავა და შოტლანდიაში წაიღო, რათა იქ ედინბურგის უნივერსიტეტის ანატომიის კათედრისთვის გადაეცა სასწავლებლად.

მკლავი კარგა ხანს დარჩა სქოთთა დედაქალაქში. მხოლოდ 1904 წელს დააბრუნეს იგი ბელფასტში და ბარე 50 წელიწადი იქ იყო გამოფენილი. სწორედ ამის შემდეგ, მოიგდო მკლავი დონელის ფანმა ჯიმ ბირნმა და თავის „ჰაიდაუთში“ გამოფინა.

ორი წლის წინ ჯიმის ვაჟმა დეს ბირნმა „ჰაიდაუთი“ გაყიდა და ბენზინის სადგური იყიდა, მაგრამ მკლავი პაბში არ დაუტოვებია, შინა აქვს შენახული.

ახლა დესს უნდა, მინის ჩემოდანში ჩადოს და სალექციო ტურნე ჩაატაროს ამერიკაში, იქაურ ირლანდიელებს უამბოს დენ დონელის ამბავი, აუხსნას რაობა გუშინდელი კრივისა და მწვანე კუნძულზე დატრიალებული ორთაბრძოლებისა.

დენ დონელი კი მართლაც უკვდავი ყოფილა.

და შენ ხორკლი არ დაგაყრის ამ მკლავის დანახვაზე?

კილდეირში დღესაც ჩანს ნაფეხურები, ლოთი დურგლის ნავალ გზას რომ უჩვენებს კაცს.

13.06.1998

 

წილი
წინა სტატიაბარსელონა და თასმების შეკვრა
შემდეგი სტატიაჩავი: მოურინიუს ფეხბურთი არ მიყვარს
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.