დღეს ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „იუვენტუსს” მასპინძლობს და ამ თამაშის წინ ჟოზე მოურინნიუს გუნდმა სასტუმრო შეცვალა.

არა, აქ კარგად და ცუდად დაცდა არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ წინა ტურში, როდესაც მანჩესტერელები „ვალენსიას” ხვდებოდნენ, ისინი სასტუმროდან „ოლდ ტრეფორდისკენ” გზაზე ანუ თავიანთ ქალაქში თავად მოხვდნენ ისეთ საცობში, რომ სტადიონზე დარეკვა და თამაშის გვიან დაწყება მოუხდათ. ამის გამო უეფამ „იუნაიტედი” დააჯარიმა კიდეც. ჰოდა, მოურინიუმ ახალი სასტუმრო შეარჩია — სტადიონთან უფრო ახლოს.

მანჩესტერში ნაცხოვრებ ან მცხოვრებ მკითხველს ალბათ დააინტერესებს, რომ წინა სასტუმრო იყო „ლორი ოტელი”, ახალი კი „ჰილტონია”, რომელიც „ოლდ ტრეფორდის” კრიკეტის მოედნის გვერდით მდებარეობს.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მისი მთავარი ინტრიგა სიყრმის ქალაქში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაა — მოგეხსენებათ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 2003-2009 წლებში ანუ მთელი ექვსი წლის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა.

გუშინ, როდესაც CR7 ინგლისში ჩაფრინდა, აეროპორტში მას ადგილობრივ გულშემატკივართა მთელი ჯარი შემოეხვია.

„ოლდ ტრეფორდზე” სავარჯიშოდ მისული პორტუგალიელი მშობლიურ გარემოში დაბრუნებით ბედნიერი ჩანდა. რაც შეეხება „იუნაიტედს”, ინგლისურმა მედიამ ყურადღება გაამახვილა, რომ ის ტურინელებთან შესახვედრად ეგრეთწოდებული ტექბოლის თამაშით ემზადებოდა — ეს ერთგვარი მაგიდის ჩოგბურთია ფეხბურთის ბურთით და ჩოგნების გარეშე.