კატალონიური გამოცემა „სპორტი” კვლავ „სევილიასთან” ლეო მესის დაშავების მომენტს უბრუნდება და ამტკიცებს, რომ გუნდი მოუმზადებელი აღმოჩნდა — „ბლაუგრანას” ფეხბურთელის შესაცვლელად მთელი 10 წუთი დასჭირდა.
ივან რაკიტიჩი: „სამომავლოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხბურთელის შეცვლა სწრაფად არის საჭირო. ჩვენ ცოცხლად მოქმედებისთვის უნდა ვიყოთ მზად. „სევილიასთან” ძალიან დიდხანს ვიყავით კაცნაკლული”.
„ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ოსმან დემბელეს მოედანზე შესვლის გაჭიანურებულ პროცესს გულისხმობს, „სპორტი” კი დაწვრილებით იგონებს რა როგორ მოხდა და კითხვას სვამს: ეს რა იყო, მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე დაიბნა თუ დემბელეს ჰქონდა რაიმე ფიზიკური ან ყოფაქცევის პრობლემა?
მივყვეთ „სპორტს”: მესი „სევილიასთან” შეხვედრის პირველ ტაიმში, თამაშის დაწყბიდან 15 წუთისა და 50 წამის შემდეგ დაშავდა. არგენტინელი მეტოქესთან უიღბლო კონტაქტის გამო დაეცა. მას ხელის ძვალი გაუტყდა. „კამპ ნოუ” შოკში ჩავარდა. სტადიონზე დუმილი ჩამოწვა.
ერნესტო ვალვერდე მოედნის კიდიდან ერთადერთ რამეს აკეთებდა — თვალს არ აცილებდა, როგორ დასტრიალებდნენ ექიმები მესის. მას არავისთვის არანაირი დავალება არ მიუცია. ის ექიმებისგან ინფორმაციას ელოდა. ექიმებმა კი მესი ჯერ მოედანზე გასინჯეს, ხოლო შემდეგ მოედნის კიდესთან. ამ ხნის განმავლობაში არგენტინელს ორჯერ ჰქონდა გულის წასვლის ნიშნები.
თამაშის დაწყებიდან 18 წუთისა და 5 წამის შემდეგ ოსმან დემბელე და რაფინია გახურებას იწყებენ. დემბელეს მოძრაობებზე არ ეტყობა, რომ ეჩქარება. ამასობაში „ბარსა” მოედანზე ბურთს ფლობს და შეტევას იწყებს, მაგრამ შეტევა იშლება, რადგან გუნდი უმცირესობაშია.
ამის შემდეგ დემბელეს ეძახიან, რომ გახურება დაასრულოს და მოედანზე შევიდეს. მას კი ბუცები არ აქვს წესრიგში და ახლაღა იწყებს თასმების შეკვრას.
თამაშის დაწყებიდან 25 წუთისა და 47 წამის შემდეგ ანუ როდესაც მესის დაშავებიდან უკვე მთელი 10 წუთია გასული, ფრანგი, როგორც იქნა მოედანზე შედის.
„ბარსა” და „სევილია” ისევ 11X11 არიან.
„სპორტი” წერს, რომ ეს იყო 10 წუთი, როდესაც „ბარსა” გაიყინა.