„რეალის” კრიზისი ღრმავდება — მადრიდელებმა შინ წააგეს „ლევანტესთან”, 1:2. AS წერს, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ იქვე, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „ლოს ბლანკოსის” გაწბილებულ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობიდან დაუყოვნებლივ არ მოხსნის. სამშაბათს, 23 ოქტომბერს, „რეალს” პლზენის „ვიქტორიასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კვლავ ლოპეტეგი უხელმძღვანელებს.

ლოპეტეგისთან შეხვედრამდე ფლორენტინოს „რეალის” მოთამაშეებთან და ტექნიკურ პერსონალთანაც ულაპარაკია. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა რამოსსაც დაუსვა პირადად მასთან დაკავშირებული კითხვები, რომელთა გასაჯაროება კაპიტანმა არ ისურვა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ახლა კეთილგონიერების მოხმობაა საჭირო.

რაც შეეხება კლუბში შექმნილ მდგომარეობას, ამაზე რამოსმა ილაპარაკა:

„ასეთ ვითარებაში რომ გაკრიტიკებენ, ნორმალურია. აქ მარტო ხულენის კრიტიკას არ ვგულისხმობ. ჩვენ ყველანი მონაწილეები ვართ და მეტიც, ვინც მეტს თამაშობს, მას უფრო მეტი მწარე სიტყვის მოსმენა უწევს. ჩვენი გულშემატკივრის გულისწყრომა ბუნებრივია. ფეხბურთელებს კი როგორც არასდროს ისეთი ერთსულოვნება გვმართებს. მდგომარეობიდან მხოლოდ ასე თუ გამოვალთ.

მე სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ: მწვრთნელის ცვლას სიკეთე არავისთვის მოაქვს. ჩვენ, ფეხბურთელები ხულენს მხარში ვუდგევართ. ის დიდებული მწვრთნელია და „რეალს” სწორედ ახლა სჭირდება მშვიდად ყოფნა”.

ლოპეტეგიმ კი BeIN LaLiga-ს მატჩის შემდეგ, ცხელ გულზე ასე უთხრა:

„ჩემი პოსტი? ამწუთას ყველაზე ნაკლებად ეს მაინტერესებს. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გვაქვს და ფეხბურთელებს განწყობილება უნდა გამოვუკეთო. მწამს, დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით. ფეხბურთში იმას მიიღებ, რასათ თავად შექმნი. ვისაც მეტი გოლი გააქვს, ის იგებს. ჩვენ უნდა დავსხდეთ და გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ არასწორედ. ფაქტია, გოლები ვერ გაგვაქვს და ამას ნერვიულობა კი არა საქმის დაჟინებით კეთება სჭირდება. ბევრ რამეს დიახაც სწორედ ვაკეთებთ. ჩემი ფეხბურთელები ასეთ სასჯელს არ იმსახურებენ”.