„ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი შემდეგ კვირას „ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებს. მეტიც, მის მკურნალობას სამი კვირა დასჭირდება. ლიონელ მესიმ „სევილიასან” შეხვედრაში, რომელიც „ბლაუგრანამ” თავის მოედანზე 4:2 მოიგო, მკლავი გაიბზარა. ის 26-ე წუთზე ოსმან დემბელემ შეცვალა.

ამრიგად, 28 ოქტომბერს გაიმართება 2007 წლის მერე პირველი „ელ კლასიკო” რომელშიც არც მესი მიიღებს მონაწილეობას და არც კრიშტიანუ რონალდუ.

ტრავმის ამბავი უფრო ზუსტად ავღწეროთ: მე-16 წუთზე მესი ფრანკო ვასკესთან ორთაბრძოლის შემდეგ დაეცა მოედანზე. ის ხელს იტკიებდა. „ბარსელონას” ექიმებმა არგენტინელს ჯერ მოედანზევე უმკურნალეს და შემდეგ მოედნის კიდესთანაც, მაგრამ თამაშში დაბრუნებულმა ვარსკვლავმა დიდხანს ვეღარ გაძლო — ხუთ წუთში მოედანი დატოვა.

მესის დაშავების მომენტისთვის „ბარსელონა” 2:0-ს იგებდა. ანგარიში მე-2 წუთზე კოუტინიუმ გახსნა, 12-ზე კი თავად მესიმ შეაგდო. მესამე გოლი 63-ე წუთზე ლუის სუარესმა პენალტით გაიტანა. 79-ზე სევილიელმა პაბლო სარაბიამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 88-ზე ივან რაკიტიჩმა შეაგდო მასპინძელთა მეოთხე. თამაშს წერტილი სტუმრებმა დაუსვეს — მსაჯის დამატებულ დროში ლუის მურიელმა ანგარიში 4:2 გახადა.