… როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ, შესაძლოა, ხულიან ლოპეტეგი აღარც არის „რეალის“ მწვრთნელი.
თავდაპირველად მას სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „პლზენთან“ მატჩი დაუთქვეს ბოლო გამოცდად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საქმე „რეალთან“ და ფლორენტინო პერესთან გვაქვს.
მადრიდელებმა, საფეხბურთო ლოგიკით, „პლზენს“ ცხრა კაცითაც უნდა მოუგონ და მერე? როგორ გინდა, გამარჯვებული მწვრთნელი გაუშვა?
პოპულარული „მარკა“ ამბობს, მადრიდელთა სავარაუდო მწვრთნელი გუტი – იგივე ხოსე ანტონიო გუტიერესი იქნებაო. ქომაგებს კარგად ახსოვთ ეს დაუღალავი ბიჭი, რომელიც „მოხეტიალე ცირკად“ წოდებულ რეალშიც კი იმსახურებდა სათამაშო დროს.
ვარაუდობენ, მწვრთნელობაში გუტი, რომელიც ამჟამად „ბეშიქთაშში“ შენოლ გიუნეშს ეხმარება, ზიდანზე არანაკლები ტალანტიაო. არის კიდევ ერთი ვეტერანის – სანტიაგო სოლარის კანდიდატურაც, მაგრამ „რეალის“ ფარმკლუბი „კასტილია“ მისი ხელმძღვანელობით იმდენად კარგად ბურთაობს, უმალ ხელფასს გაუხუთმაგებენ, ვიდრე ტალანტების სამჭედლოს მოწყვეტენ.
გაკვრით იყო ნახსენები ანტონიო კონტეს და დიდიე დეშამის სახელებიც, მაგრამ ეს უფრო პიარსვლას ჰგავდა. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, „რეალი“ ნისლიანი ალბიონისკენ იცქირება და „ტოტენჰენიდან“ მაურისიო პოჩეტინოს გადაბირებას ეცდება, რომელსაც ჯერ კიდევ ზაფხულში ეკურკურებოდა.