როდის იყო? მგონი 15 წლის წინ. ან ეგებ 20 წლის წინაც. ძველ გაზეთებს რომ ჩავუჯდე, ზუსტად ვიპოვი, მაგრამ, საჭირო არ არის – ამბის შინაარსი უარქივოდაც ზუსტად მახსოვს და თარიღს ახლა დიდი მნიშვნელობა არც აქვს.

ამბავი კი ასეთი იყო: ერთგან, სიტყვამ მოიტანა და ფრანც ბეკენბაუერმა როგორღაც თქვა, გერმანიის ნაკრები რომ ვარ, საქართველოს და მოლდოვას რატომ უნდა ვეთამაშებოდე, რას მაძლევსო.

გერმანიას რას აძლევდა საქართველოსთან თამაში, სიმართლე გითხრათ, მგონი არც მაშინ დავფიქრებულვარ და დიდად არც ახლა მაინტერესებს. ის კი კარგად მახსოვს, როგორ უსიამოვნოდ მომხვდა მაშინ ყურში საქართველოს ასეთ კონტექსტში ხსენება.

და განა მხოლოდ მე?! ფეხბურთის მოყვარული საქართველო ერთიანად დაირაზმა კაიზერ ფრანცის წინააღმდეგ და მისი ბედი, რომ იმხანად ფეისბუკი არ გვქონდა, თორემ ეჭვი არ შეგეპაროთ, შევუვარდებოდით და ისევე ვაგინებდით, როგორც ახლახანს უეფას შევუვარდით და გამოვლანძღეთ დამაგოი ვიდას დატუქსისთვის Слава Украине-ს გამო.

ოღონდ, კაიზერ ფრანცის ის ამბავი ადრე იყო, ძალიან ადრე. იმის გასააზრებლად, რამდენად ადრე – იმის გახსენებაც საკმარისია, რომ ფეისბუკი ჯერ არ არსებობდა  და არც youtube-ზე იყო ატვირთული პირველი ვიდეო. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ სულ სხვა დრო იყო და ქართველებიც უფრო ახლოს ვიყავით 1981 წლის 13 მაისთან, ვიდრე ახლა ვართ და ჯერაც ჯიუტად გვეგონა, რომ ქართული ფეხბურთის ადგილი ზედ ოლიპოზე თუ არა, სადღაც მწვერვალის სიახლოვეს მაინც იყო.

ფრანც ბეკენბაუერმა კიდევ თქვა, სად ჩვენ და სად თქვენო და მეტი რომ არ შეიძლება, ისე გაგვაბრაზა.

გამოხდა ხანი და კაიზერის ის სიტყვები მიგვავიწყდა. 13 მაისიც კიდევ უფრო შორს დარჩა და შედეგებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა დავიწყეთ შეგუება იმ აზრთან, რომ ჩვენი ადგილი არა ოლიმპოზე, არამედ სადღაც მთის ძირშია და იქ ასაბობღებლად ეგებ წლებიც არ იყოს საკმარისი.

შემდეგ იყო უიმედობა და გამარჯვების გარეშე დასრულებული ციკლები. კაიზერის ფრაზა, საქართველოს რატომ უნდა ვეთამაშოთო, სულ უფრო გასაგები ხდებოდა.

და დღეს:

⚽ როდესაც, უეფას მეცადინეობით, საქართველომ თავისი ტურნირი იპოვა;

⚽ როდესაც 4 მატჩიდან ოთხივე მოიგო და კინკილა ბურთიც არ გაუშვია;

⚽ როდესაც გულშემატკივარს ნაკრებისკენ გული მიუბრუნდა და მომავლის იმედი გაუჩნდა;

⚽ როდესაც იმ ხალხს, ვისაც სპორტი ტელევიზორში საყურებლადაც არ აინტერესებდა, ეგებ არხის სერიალიდან ნაკრების თამაშზე გადართვა მოუნდა;

ნება მომეცით, ერთი გულიანი ბოდიში და მადლობა ჩემი და თქვენი სახელით, დიდ ფრანც ბეკენბაუერსაც შევუთვალო.

P.S. იურგენ კლოპს უთქვამს, მაგარი სიბრიყვეა ეგ ერთა ლიგაო. მისტერ კლოპ, ჯუჯების ფიგურების შეგროვებით რომ ირთობთ თავს, რამეს გეუბნებით? ჰოდა, გაერთეთ…